გუგუტიაანთკარში განვითარებულ მოვლენებს ერგნეთის შეხვედრაზე განიხილავენ
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა იწყება.

ქართული მხარის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ოთხი მთავარი და უცვლელი საკითხია.

ესენია: ბოლო თვეების განმავლობაში გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები და მავთულხლართების მონტაჟის საკითხი, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები, მცოცავი ოკუპაციის და უკანონო საზღვრების გავლების პროცესი.

ასევე შეხვედრის უცვლელი თემაა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რასაც მათი თქმით, ასევე შეეხება საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე.

„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, წამოწიოს საკითხი დასახლებულ პუნქტ წნელისთანდა გვირგვინასთან „ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან საზღვართან პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ .



Print

სტატიის გამოყენების პირობები