ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
რუსეთის მიერ აღიარებული, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანაა შეფასებული როგორც შეუნიღბავი აგრესიის ფაქტი, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტი აცხადებს, რომ „პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი“.

„იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „პარლამენტის“ საიტზეა გამოქვეყნებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები