ერგნეთის შეხვედრაზე დრონი მიიტანეს
ერგნეთში, ამ წუთებში ინციდენტების, პრევენციების და მათზე რიაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგგარეშე შეხვედრა იწყება.

შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის ის დრონი აჩვენა, რომელიც გუშინ, ქარელის რაიონში, სოფელ აბანოში ჩამოვარდა.

ანთაძემ ჟურნალისტებს სთხოვა, კარგად დაათვალიერონ და გადაიღონ უპილოტო საფრენი აპარატი რადგან, დადასტურდეს რომ, საოკუპაციო რეჟმის ბრალდება, თითქოს და ქართული მხარის მიერ, დრონის ჩამოგდება ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად მოხდა, უსაფუძვლოა.

„კარგად დაათვალიერეთ და გადაიღეთ. ხედავთ, რომ დრონს არ აღენიშნება არანაირი იარაღის სროლის კვალი.

ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ჩამოვარდნა ასევე დრონთან შეჯახების შედეგად მოხდა. ხედავთ, რომ არ აღენიშნება არანაირი დაზიანება და ბრალდება, ის რაც გავრცელდა საოკუპაციო რეჟმის მიერ, არის ტყუილი,“-განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის კუთვნილი დრონი, რომელიც ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფრინავდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონს შეეჯახა და ჩამოვარდა.

საოკუპაციო რეჟიმი კი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ აპარატს ქართული მხარის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები