გამყოფ ხაზთან ახალი საწარმოების ასაშენებლად აშშ-ს მთავრობამ 500 000 დოლარი გამოყო
საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. ამისათვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), 500 000 აშს დოლარი გამოყო.

„ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ - ასე ქვია პროექტს, რომელსაც USAID აფინანსებს. მას „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივად განახორციელებენ.

პროექტის პრეზენტაცია დღეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გაიმართა. გამარჯვებულებს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ გამოავლენს.

,,დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს." - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მემორანდუმს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები