ხიდისთავში სასმელი წყალი ერთი კვირაა გზაზე იღვრება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის მილი გასკდა. წყალი ერთი კვირაა გორი-უფლისციხის მთავარ მაგისტრალზე იღვრება.

აღნიშნულ სოფელში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და როგორც 2019 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, პროექტი დასრულდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სასმელ წყალს უპრობლემოდ იღებენ.

ხიდისთავში სასმელ წყალთან დაკავშირებით ორი პროექტი განხორციელდა. პირველი პროექტი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მეორე კი – 2017 წლის აგვისტოში.

1 პროექტის ხელშეკრულება კომპანია ,,COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS“ საქართველოს ფილიალთან (შემოკლებით ,,კობრა გრუპთან“) 2016 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ღირებულება 1 მლნ 714 000 ლარი იყო, სამუშაოები კი 2017 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტით, კომპანიას უნდა მოეწყო მაგისტრალური მილსადენი და 3 რეზერვუარი, რომლებიც სათავე ნაგებობას დაუკავშირდებოდა.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, გორის გამგეობამ კომპანიას ვადა 2017 წლის 30 აპრილამდე გაუგრძელა. ,,კობრა გრუპის“ წარმომადგენელი ირმა რატიანი ამბობს, რომ ხიდისთავში ნაკისრი ვალდებულებები ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულეს. იგივეს ადასტურებს მუნიციპალიტეტის მერიაც.

მიუხედავად ამისა, ხიდისთავში პრობლემის წინაშე მაინც დადგნენ – 2017 წელს დაფინანსებული მეორე ეტაპის პროექტი 30 აპრილს ვერ დასრულდა, რადგანაც კონტრაქტორმა კომპანიას მილები სათავე ნაგებობასთან არ მიუერთებია.

მეორე ეტაპის ამ სამუშაოებს ახლა რუსთავში რეგისტირებული კომპანია ,,ალგეთი“ ახორციელებს. ხელშეკრულება, 2017 წლის 25 აგვისტოს, 294`999 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები