ხაშურის სამედიცინო დაწესებულება ,,ევექსის" ხელმძღვანელობამ მოქალაქე
ბაჩო ხმალაძის დაჯარიმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მოქალაქემ ქალაქში
გაკეთებული წარწერებით, იერსახე დაამახინჯა.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ „ევექსის“ მოთხოვნა, დაჯარიმების
კუთხით, არ დააკმაყოფილა, თუმცა მოქალაქე ბაჩო ხმალაძეს სიტყვიერი
გაფრთხილებას მისცეს.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, ბაჩო ხმალაძემ ხაშურის „ევექსის“
საავადმყოფოს კედლებსა და მისასვლელთან შემდეგი სახის წარწერები
გააკეთა: „ნუ შეხვალ მოკვდები“ , „სასაკლაო“. ამის გამო საავადმყოფოს
ადმინისტრაციამ ხმალაძეს უჩივლა და მის ადმინისტრაციული წესით დასჯას
ითხოვდა.
Qartli.ge ბაჩო ხმალაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ
დააწერა სამედიცინო დაწესებულების კედლებზე მსგფავსი შინაარსის
წარწერები.
„20 აგვისტოს ჩემი ძმა გაითიშა, სასწრაფო გამოვიძახეთ და ხაშურის
საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ რადიკულიტი გათიშავდაო.
თავს რომ წევდა, ითიშებოდა. სისხლის ანალიზი აუღეს, ანალიზისთვის
აღებული სისხლი დაკარგეს. 5 საათი იწვა საავადმყოფოში. წელზე უნდა
გადაეღოთ, მაგრამ აპარატურა არ ჰქონდათ. მერე თქვეს, რომ აპარატით
გადაგვეღო თავი და წელი. ხერხემალზე მალების დაშორება დაუდგინეს. 2-3
დღე იწვეს სახლში და გამოჯანმრთელდებაო, ეგრე გვითხრეს.
საავადმყოფოდან გაწერა დააპირეს, ფეხზე წამოდგა თუ არა, ისევ გაითიშა.
რეანომობილსაც არ იძახებდნენ რომ თბილისში გადაგვეყვანა. ამას
დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ექიმებმა საპატრულო ეკიპაჟი
გამოიძახეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი სახსრებით ჩემი ძმა
რეანომობილით დედაქალაქში გადავიყვანეს. რკინიგზის ჰოსპიტალში
მივიყვანეთ. სამედიცინო კვლევების შემდეგ, ჩემ ძმას თავში სისხლის
გაჟონვა დაუდგინდა. ხაშურელი ექიმების უცოდინარობა ჩვენ 5 000 ლარამდე
დაგვიჯდა. როდესაც ჩამოვედი და თბილისელი ექიმების დიაგნოზი ვაჩვენე,
პასუხი არაფერი უთქვამთ. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და
ვითარებაში გარკვევა ვთხოვე, მითხრეს დაგიკავშირდებოთი, მაგრამ არავინ
დამკავშირებია,“- აცხადებს ბაჩო ხმალაძე.
,,ევექსის" ადმინისტრაციის ცნობით, მათთვის უცნობია, თუკი თბილისის
სხვა სასამართლომ სხვა დიაგნოზი დასვა და არ ეთანხმებიან ბრალდებას.
,,როცა გავეცნობით იმ დასკვნას, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს" -
გვითხრეს ,,ევექსში"
სტატიის გამოყენების პირობები