პარლამენტარები შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანონმდებლო ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრები ცხრამუხაში, სატივეში, ქვიშხეთსა და გომში გაიმართა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, კობა კობალაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის ერთობლივი გზებიც დასახეს. შეხვედრის ფარგლებში შეფასდა უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

შეხვედრის მონაწილე მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და მათში თითოეული მოქალაქის ჩართულობისა და სარგებლის მიღების მექანიზმებიც განიხილეს.

ცხრამუხის მოსახლეობამ გზების მოწესრიგება დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, ტეზერსა და ქვიშხეთში ადგილობრივებმა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და შიდა გზების მოწესრიგება ითხოვეს, გომში კი ადგილობრივები რკინიგზის სადგურის მოწესრიგებას და შიდა გზების მოწყობას ითხოვდნენ. გომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ასვე, გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტად სოფელს საძოვრების პრობლემა აწუხებს, რადგან იმ ტერიტორიას, სადაც პირუტყვს საბალახოდ უშვებენ, სახნავ -სათესის სტატუსი აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები