დღეს, ანნა შატაკაშვილი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
გერმანულ ენაში. ღონისძიება გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო
დარბაზში გაიმართა.
საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ყოველწლიური კონკურსი პედაგოგის
პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური
პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა
წარდგენის მიზნით ტარდება.
ანნა შატაკიშვილის სწავლების მეთოდი
,,დაკვირვებამ დამანახვა, რომ მოსწავლისთვის მთავარია ნასწავლი ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება და ცოდნის ძალდაუტანებლად, ხალისით დაუფლება."
- წერს პედაგოგი იმ
კვლევაში, რომელიც მან
წელს გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა 6-თვიანი დაკვირვების შემდეგ
შეადგინა და, ძირითადად, სწავლების მოტივაციის ამაღლების კუთხით
ამახვილებს ყურადღებას.
,,მოსწავლეთა მოტივაციის ხელშემწყობ ფაქტორებად აუცილებელია
განვიხილოთ მისასალმებელი სიმღერები - ნაცვლად მარტივი ფრაზებისა,
თემატური სიმღერები და მოძრავი თამაშები - ნაცვლად ვრცელი ტექსტებისა.
მოსწავლე ყოველთვის მარტივად სწავლობს და ხანგრძლივად ამახსოვრდება
მსგავსი აქტივობებით ნასწავლი ფრაზები, გამოთქმები, ამავდროულად ეს
უვითარებს მას მრავალფეროვან უნარებს, როგორიცაა მუსიკის აღქმა,
პლასტიკა, ხელოვნებასთან ინტეგრაცია, და თუკი მასწავლებელიც ერთვება
ასეთ აქტივობებში, მოსწავლეები უფრო მეტად ენდობიან მას და ცდილობენ
მოდელად გამოიყენონ იგი არამარტო სასკოლო, არამედ სკოლის გარეშე
ცხოვრებაშიც.
აღსანიშნავია ასევე, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას შინაგანი
პროტესტი ან შიში აქვს დღესაც მსგავსი აქტივობების ჩართვაზე
საგაკვეთილო პრაქტიკაში, თუმცა მრავალმა კვლევამ და გამოცდილებამ
აჩვენა მსოფლიოს, რომ მასწავლებელმა უნდა
სცადოს და მოსინჯოს მუსიკა, რიტმიკა და მოძრავი თამაშები გაკვეთილზე,
რადგან სწორედ ამ დროსაა მოსწავლე ღია და გახსნილი სოციალური
ქმედებების მიმართ და ასე უფრო იოლად სწავლობს კომუნიკაციას და
ურთიერთობებს როგორც მშობლიურ
ენაში, ასევე უცხო ენაში.
დავადგინე, რომ მეორე უცხოური ენის შესწავლისას აუცილებელი და
მნიშვნელოვანია საგაკვეთილო თუ სკოლისგარეშე აქტივობებში მუსიკის,
რიტმიკისა და მოძრაობითი დავალებების ჩართვა, რომლებიც უზრუნველყოფენ
მოსწავლეთა შორის მოტივაციის ხელშეწყობას, სოციალიზაციას და
კომუნიკაციის განვითარებას,როგორც მოსწავლეთა შორის, ისე მოსწავლეებსა
და მასწავლებელს შორის." - აღნიშნავს ანნა შატაკიშვილი.
ანნა შატაკიშვილის ბიოგრაფია
1999 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალდაბის საჯარო სკოლაში გერმანული და ინგლისური ენების
მასწავლებლად. ამავე პერიოდში ვუხელმძღვანელე ერთ ერთ კლასს.
2000 წელს დროებით იმუშავა გორის სასოფლო კოლეჯში ინგლისური ენის
მასწავლებლად.
2009 წლიდან 2013 წლამდე თანამშრომლობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან,
ეროვნული გამოცდების გერმანული ენის ტესტების გამსწორებლად.
2012 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სოფელ ახალდაბის
საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.
2012 წლის თებერვლიდან 2016 წლის სექტემბრამდე პარალერულად მუშაობდა
გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გერმანული და
ინგლისური ენების მასწავლებლად.
2013-2014 სასწავლო წლის მანძილზე გიმნაზიაში ხელმძღვანელობდა წმიდა
დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის 1 კლასს.
2016 წლის იანვრიდან მუშაობს სკოლა "ეისი" -ში გერმანული ენის
მასწავლებლად. ამჟამდ სკოლაში მუშაობს გერმანული ენის კლუბი, სადაც
გაწევრიანებულია რამდენიმე კლასის მოსწავლე.
სტატიის გამოყენების პირობები