წინასწარი დაკავების გორის იზოლატორში ადვოკატებს თავისუფლად შესვლის
საშუალება არ ეძლევათ. ამის შესახებ qartli.ge-ს ადვოკატი თამარ
თედლიაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, შეხვედრების ოთახში იმ დრომდე არ უშვებენ, ვიდრე
შენობიდან სხვა ადვოკატი ან გამომძიებელი არ გამოვა.
,,დღეს, საათნახევარი ველოდი, მაგალითად, საპატრულო პოლიციის
გამომძიებელს, რომელიც დაკითხვაზის საწარმოებლად შიგნით იმყოფებოდა.
ვიდრე ერთი ადამიანი არ მორჩება თავის საქმეს, დაკავებულთან სხვა ვერ
შევა. მოგეხსენებათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ისეთი პირები
იმყოფებიან, რომელთაც ჯერ ბრალი წაყენებული არა აქვთ ან მიმდინარეობს
წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები. ასეთ დროს, თითოეულ წუთსა და
საათს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ირღვევა დაცვის უფლება,
ირღვევა როგორც დაკავებულის, ასევე, მისი ინტერესების დამცველის" -
აცხადებს თამარ თედლიაშვილი.
თამარ თედლიაშვილი განმარტავს, რომ ისეთ დაწესებულებაში, რომელიც
გორში მდებარეობს, უფრო უკეთესი პირობები უნდა არსებობდეს.
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში
დაცვის უფლების შეზღუდვის შესახებ არაფერია ნათქვამი.
,,2018 წელს გამოწვევა იყო 14 დროებითი მოთავსების იზოლატორში
სამედიცინო პუნქტების არქონა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში
არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორების (ჯამში 29 იზოლატორია)
ნახევარია. გამოვლინდა იზოლატორებში კადრების ნაკლებობის პრობლემაც.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ 21 დროებითი მოთავსების იზოლატორში
არ ჰყავთ ქალი თანამშრომლები, რაც იზოლატორში მოსათავსებელი ქალების
პირადი დათვალიერებისას, პრობლემას წარმოშობს. რიგი იზოლატორები არ
არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციითა და
განათებით; არადამაკმაყოფილებელია სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა;
იზოლატორის საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძი.
ეს განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტ ადგილიან საკნებში, სადაც
შესახლებულ პირს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა
პირის/პირთა თანდასწრებით უწევს. იზოლატორებში თითოეული დაკავებული
პირი უზრუნველყოფილია მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით, რაც
ჯანმრთელობისთვის საზიანოა." - აღნიშნულია ანგარიშში.
სტატიის გამოყენების პირობები