ხურვალეთის სკოლის მასწავლებელმა მხარდაჭერა საკუთარი სკოლის დირექტორის კონკურენტს გამოუცხადა
წლის ბოლომდე, 2019 წლის სკოლების საუკეთესო დირექტორებს გამოავლენენ. ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებელთა სახლია. კანდიდატურები რესურსცენტრთან შეთანხმებით გააგზავნეს.

qartli.ge წერდა, რომ გორიდან 3 კანდიდატია წარდგენილი: გორის მე-2; მე-12 და ხურვალეთის საჯარო სკოლების დირექტორები.

ხურვალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ზიზი კურმაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს არა თუ საკუთარი, ხურვალეთის სკოლის, არამედ გორის მე-12 სკოლის დირექტორს უჭერს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სხვა სკოლის ხელმძღვანელის მიმართ მხარდაჭერა, გვპასუხობს:

,,პირველ რიგში, მხარს ვუჭერ მე-12 სკოლის დირექტორს იმის გამო, რომ თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა აქვს; საუკეთესო მენეჯერია, სამართლიანია, საათებს ჯერ პედაგოგებს უნაწილებს; განათლებულია; სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა პროექტში ამ სკოლის მოსწავლეა გამარჯვებული." - აღნიშნავს ზიზი კურმაშვილი. იგი თვლის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ამ კუთხით პრობლემებია:

,,თუ რესურსცენტრი ფიქრობს, რომ ხურვალეთის სკოლის წარდგენილი კანდიდატი, როგორც კონფლიქტის ზონაში მომუშავე დირექტორი, ჯილდოს ღირსია, ძალიან სცდება" - განმარტავს ზიზი კურმაშვილი.

გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი აღნიშნავს, რომ ხურვალეთის სკოლაში არსებულ დაპირისპირებაში, რომელიც დირექტორსა და ზიზი კურმაშვილს შორის არსებობს, სკოლის დირექტორი მართალია.

 

იხ. ამავე თემაზე:

3 კანდიდატი გორიდან სკოლის საუკეთესო დირექტორის ჯილდოზე წარადგინეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები