,,ამილახვრობა" ჩაშლის პირასაა - მერია სამოქალაქო აქტივისტებს არ ეხმარება
,,სამწუხაროდ, "ამილახრობა 2019"-ს ჩაშლის საფრთხე ემუქრება." - ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" ხელმძღვანელი ცირა ხელაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ღონისძიების ჩასატარებლად დახმარებაზე უარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც განაცხადეს. კასპის მერიამ ,,ამილახვრობის" დღესასწაულს ბოიკოტი 2018 წელსაც გამოუცხადა.

,,იმის გამო, რომ ყველამ, ვისაც მივმართეთ და ვისი იმედიც გვქონდა, უარი გვითხრა, თუნდაც მინიმალურ დაფინანსებაზე, ისღა დაგვრჩენია, თითოეულ მოქალაქეს მოგმართოთ. მივმართოთ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სოფელი და ეს დღესასწაული, და ვისაც აქვს სურვილი, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს მის ჩატარებაში. მინიმალური თანხა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ღონისძიება ჩატარდეს, არის 1 000 ლარი. თუ სამშაბათს საღამომდე შევძელით ამ თანხის მობილიზება, ღონისძიებას აუცილებლად ჩავატარებთ" - ამბობს ცირა ხელაშვილი.

,,ამილახვრობა" ქვემო ჭალაში იმართება, სადაც ქართლის თავადთა, ამილახვრების საგვარეულო კოშკიც დგას. სოფელი გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" ორგანიზაციის წევრები ქვემო ჭალაში რამდენიმე წელია უკვე მუშაობენ. მათი დახმარებით, სოფელში ბიბლიოთეკა მოეწყო, ასევე, გალამაზდა სკვერი. ევროპელი კოლეგების დახმარებით ქვემო ჭალელ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები გამოუგზავნეს.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ დახმარების თხოვნით გვიან მიმართა, რის გამოც, ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა ვერ გამოიძებნა. საუბარია ტექნიკის დაქირავებაზე. ცირა ხელაშვილი აცხადებს, რომ აპრატურას გორის მერიის კულტურის ცენტრისგან ქირაობენ.

იხ. ქვემოთ ვიდეო, რომელიც 2018 წელს გამართულ ,,ამილახვრობასაა" გადაღებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები