ახალი ამბები
გორის მერია სასულიერო პირს ერთადერთი ოთახიდან ასახლებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სასულიერო პირს ერთადერთი ოთახიდან ასახლებენ. ამის შესახებ სასულიერო პირმა, qartli.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

დეკანოზი გრიგოლ (გოგიჩაძე) ამბობს, გორის მერი, ვარიანელების ცნობით, ეპისკოპოსის დავალებით, მოქმედებს. ეპისკოპოსის მდივანი, დედა თამარი (ცეცილია) ითხოვს იმ პირის დასახელებას, ვისაც ეპისკოპოსმა დეკანოზ გრიგოლის გასახლება დაავალა:

,,გთხოვთ, დამისახელეთ ის ადამიანი, ვისაც ეპისკოპოსმა დაავალა თქვენი გასახლება მაგ ოთახიდან" - უთხრა ეპარქიის მდივან-რეფერანტმა დედა თამარმა (ცეცილიამ) მამა გრიგოლს.

დეკანოზი გრიგოლი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მოსახლეობის ნაცვლად, ეპარქიაში მაღალი იერარქიის სასულირო დასი ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს, მათ შორის, გორის მერს.

,,ჩამოსულა ზედამხედველობის სამსახურიდან ვინმე გიორგი, ვარიანში. დაუთვალიერებია რაღაცეები. შენობაში მყოფ პირებს მოახსენა, რომ ამბულატორიის შენობა უნდა დამეტოვებინა, რადგან მიმდინარეობს აღწერა, რემონტი ამბულატორიისთვის. ამბულატორიის შენობა ისეთი დიდია, იქ ალბათ სასტუმროს გაკეთება უნდათ. 6 ოთახია. მე ჩემთვის ვარ ერთ პატარა ოთახში. რა უნდათ? რას მერჩიან? კედლებში რამე განძი ხომ არ არის ჩატანებული? ეპარქიის წარმომადგენელი უკვე გავაფრთხილე, რომ მის საეპისკოპოსოში სასულიერო პირს ასახლებენ ერთი ოთახიდან." - აცხადებს მამა გრიგოლი.



ფოტოზე: ამბულატორიის დერეფანი თავისი 6 ოთახით, რომელიც გორის მერიას არ ყოფნის

სასულიერო პირი ცხოვრობს ერთ ოთახში, სადაც მხოლოდ მაგიდა, სკამი, ტელევიზორი და საწოლი დგას. მის გვერდით, კიდევ 6 ოთახია. მიუხედავად ამისა, ამბულატორიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობა სასულიერო პირმა უნდა დატოვოს:

,,მე ის მხოლოდ 10 დღით შევუშვი. მას შემდეგ კი, წლები გავიდა" - აცხადებს ექიმი ჟუჟუნა პაპიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფლებით შეუშვა შენობაში მამაო, ექიმს ეს კითხვა აღარ მოეწონა. შენობა არც მერიის ბალანსზეა და არც ამბულატორიის, შესაბამისად, ექიმისა და მერიის წარმომადგენლის ნებართვა შენობაში მყოფ პირებს არ ჭირდებათ. შენობა ეკონომიკის ბალანსზეა და შენობიდან ვინმეს გასახლება ან შესახლება ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

საგულისხმოა, რომ იმ ოთახებში (6 ოთახი), სადაც ამბულატორიის შენობაა მოთავსებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქონება კი, როგორც ვთქვით, მერიის ბალანსზე არ არის. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი დადიანიძე ამბობს, რომ შენობა მერიის ბალანსზე რეგისტრრირებული იქნება ძალიან მალე. თუმცა, მერიის ბიუჯეტი სხვის ქონებაზე უკვე იხარჯება.



ფოტოზე: ადვოკატი მზია კობერიძე

სასულიერო პირის ინტერესებს ადვოკატი მზია კობერიძე იცავს, მისი თქმით, ამ შენობის ერთადერთი ოთახიდან მამაოს ვერავინ გაასახელებს, რადგან ამას ჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება:

,,ამ ოთახში მამაო თავისი ნებით არ შესულა. ის შემოვიდა ჟუჟუნა ექიმის ნებართვით, ისევე როგორც სხვები. სხვა საკითხია, რამდენად ჰქონდა ამის უფლება ქალბატონ ჟუჟუნას. ეს ქონება არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ამიტომ, აქ მერიის იურისდისქცია არ ვცელდება. კანონდარვევაა ისიც, რომ მერიის ბიუჯეტის თანხა იხარჯება სხვის ქონებაზე. ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. თორემ, ამბულატორია რომ სოფელს ჭირდება, ამაზე არავინ დაობს. მათ აქვთ 6 ოთახი, რომელიც სრულიად საკმარისია სოფლის ამბულატორიისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მოსახლეობის მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ ეს 6 ოთახი არ ჰყოფნით, მამაო აქეთ გაურემონტებს იმ ოთახს, თუ დაჭირდება საქმეს" - აცხადებს მზია კობერიძე.

მისი განმარტებით, ვარიანში ეს ერთადერთი ადგილიღა დარჩა, სადაც მამაო ცხოვრობს, რადგან დაუწვეს კერძო სახლი, ფერმა, დაუმტვრიეს მანქანა. 2019 წლის ზაფხულში, მამაომ და სოფლის მოსახლეობამ ერთობლივი ტრაპეზი გამართა. შემოირიგა დაპირისპირებული თანასოფლელები.

,,ჩემი აზრით, ვერ აიტანეს ეს გარემოება და ახლა პირდაპირ ხელისუფლება ჩაერია მამაოს წინააღმდეგ" - აცხადებს ადვოკატი.

ამბულატორიის ხელმძღვანელის პოზიცია

ჟუჟუნა პაპიაშვილი ამბობს, რომ ოთახში სასულიერო პირი მხოლოდ 10 დღით შეუშვა. ,,ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სახლი დაეწვა მამაოს. მთხოვა, საწოლს დავდგამ 10 დღითო, საზღვარგარეთ მივდივარ და 10 დღის შემდეგ ჩამოვალო. აღარ გავიდა მას შემდეგ ამ ოთახიდან" - აცხადებს ჟუჟუნა პაპიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფლებით გასცემს ნებართვებს ან გასახლების ან შესახლების თაობაზე, ჟუჟუნა პაპიაშვილმა ამის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, მამაოს შეუძლია იმ ორ სახლში იცხოვროს, რომელიც ამავე შენობაში იმყოფება.

,,თუ წავა მაგ ერთ ოთახიდან, მამაოს შეუძლია იცხოვრობს გვერდით ოთახებში. მე როგორც ვიცი, იმ ოჯახებისგან იყიდა ეგ ფართები. შეუძლია, მანდ გადასვლა" - აცხადებს ჟუჟუნა ექიმი.


ადვოკატი მზია კობერიძე აცხადებს, რომ გვერდით ოთახებში ხალხი ცხოვრობს:

,,მამაო არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს, სოციალურად დაუცველს გაასახლებს თუნდაც საკუთარი ოთახიდან. ეს წარმოუდგენელია. აქ საუბარია იმაზე, თუ რა ინტერესი აქვთ გარკვეულ ძალებს. კარგად იციან, რომ ამ ერთი ოთახის გარდა, წასასვლელი არსად აქვს ვარიანში. " - აცხადებს მზია კობერიძე, ადვოკატი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები