ახალი ამბები
ჩაჩუბეთი - სოფელი ქართლში, რომლის მოსახლეობა კახეთში გადაასახლეს
სოფელი ჩაჩუბეთი კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის გზაზე, მდებარეობს. ჩაჩუბეთიდან რკონამდე თითქმის 6 კმ-ია.

სოფელში მუდმივად 3-4 კომლი ცხოვრობს. ზაფხულობით 7-მდე იზრდება. დასახლების მოშორებით აგარაკებია. გასული საუკუნის 80-იან წლებში, მიწის ნაკვეთები დედაქალაქელ მუშებს დაურიგეს. აგარაკები დღეს თითქმის დაცარიალებულია.

გზა საკმაოდ დაზიანებულია. ასფალტბეტონის გზა სოფელ ერთაწმინდაში წყდება. ერთაწმინდიდან ჩაჩუბეთამდე 10 კმ-ია. ამ გზას ადგილობრივები ფეხით 1 ან 1.5 სთ უნდებიან. ვანო ქავთარაძეს ეს გზა ბევრჯერ ფეხით გაუვლია, როგორც ბავშვობაში, ასევე, ამჟამად.

ის გვიამბობს სოფლის ბოლო ნახევარსაუკუნოვან ისტორიას. მისი თქმით, აქაური მცხოვრებნი , 1961 წელს, კახეთში, წითელწყაროში (დედოფლისწყარო) გადაასახლეს.



ვანო ქავთარაძე იხსენებს, რომ საბჭოთა საქართველოს მეღვინეობაში მუშა-ხელი უჭირდათ. ამის გამო, ჩაჩუბეთელებს კახეთში საცხოვრებელი სახლები აუშენეს და იქ დაასახლეს, თუმცა ბევრმა ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა.

,,ჩემი მშობლები ისევ აქ დაბრუნდნენ საცხოვრებლად. დედაჩემმა ერთი დღე ვერ გაძლო კახეთში. იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. აქ სამკლასიანი სკოლა იყო და ის დავამთავრე, შემდეგ წავედით სოფელ ახალქალაქის სკოლაში. იქვეა სოფელი ჩოჩეთი, სადაც მე ვიცხოვრე ახალგაზრდობაში. ახლაც გვაქვს იქ სახლი,სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს. შვილიშვილები შაბათ-კვირას ამოდიან ხოლმე აქ. ძირითადად, ბარში არიან“ - ამბობს ვანო ქავთარაძე.

ვანო ქავთარაძე საქონელს უვლის. სათიბებისთვის 14 ჰა მიწის ნაკვეთი ჰქონდა იჯარით აღებული:

,,ეს იჯარები რომ გაუქმდა, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი. თუმცა, 2 წელი ისე გავიდა, რომ აუქციონი არ გამოუცხადებიათ. იმისიც მეშინია, რომ ვინმე ისეთი არ გამოჩდნეს, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და ამ მიწას იყიდის. ჩვენ რაღა ვქნათ?“ - განმარტავს ვანო ქავთარაძე.

ვანო ქავთარაძე ამბობს, რომ კლიმატი სოფლის მეურნეობისთვის უნიკალურია. არ ახსოვს, რომ ოდესმე ამ სოფელში სეტყვა მოსულიყო.






Print

სტატიის გამოყენების პირობები