ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი - ცხრაზმისხევის
საერისთავო მდებარეობდა პატარა ლიახვსა და არაგვს შორის. საერისთავოს
ბირთვს წარმოადგენდა ცხრაზმისხევი, რეზიდენციას - ქვენიფნევი,
საიდანაც მომდინარეობს ცხრაზმისხევის ერისთავთა გვარსახელი -
ქვენიფნეველი.
ქვენიფნეველთა საგვარეულო ეკლესია და სამარხი მდებარებოდა ქვენიფნევის
ოდნავ ჩრდილოეთით, ლარგვისში. თანდათანობით ცხრაზმისხევის ერისთავები
აფართოებდნენ თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას. სამეფო ხელისუფლების
სახელით ცხრაზმისხევის ერისთავები იბრძვიან ჩამოსახლებული ოსებისა და
ადგილობრივ ურჩ მთიელთა (დვალთა) წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი
წარმატებული ბრძოლის შემდეგ ვახტანგ III-მ (1302-1308) თავის ერთგულ
ერისთავს შალვა ქვენიფნეველს უწყალობა თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთე,
არახვეთი, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული, ძაგნაკორანი, დუღუამი,
აწერისხევი, ბეხუშე. ცხრაზმისხევის ერისთავის საგამგებლოში შედიოდა
არაგვის ხეობის ნაწილი, მთიულეთი, ქსნის შუა წელი ლიახვამდე. XVII
ს-ის შუა ხანებში ქვენიფნეველებმა თავიანთი რეზიდენცია ქსნის ქვემო
წელზე, ახალგორში გადმოიტანეს, რის შემდეგაც ეწოდათ მათ ქსნის
ერისთავები.
ძირითად წყაროს ცხრაზმისხევის საერისთავოს ისტორიის შესახებ
წარმოადგენს XV ს-ის დასაწყისში შექმნილი საგვარეულო მატიანე „ძეგლი
ერისთავთა“, რომლშიც საგვარეულოს ლეგენდარული ისტორია VI ს-იდან
იწყება, მაგრამ ისტორიულად სანდო ცნობები XIII-XIV სს-ს განეკუთვნება.
ვახუშტი ბატონიშვილი ცხრაზმისხევის საერისთავო ტერიტორიას წარსულში
ქართლის საერისთავოს ნაწილად განიხილავს და მის წარმოქმნას ქართლის
საერისთავოსაგან გამოყოფას უკავშირებს: „შემდგომად თამარ მეფისა
ქართლის ერისთავი სხვაა, ქსნისა სხვაა“.
სტატიის გამოყენების პირობები