პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს ადვოკატი არ შეახვედრეს
პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს ადვოკატი არ შეახვედრეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ლექსო მერებაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 27 ნოემბერს, ის პენიტენციურ დაწესებულებაში 18-წლის მოზარდის სანახავად იმყოფებოდა, თუმცა განუცხადეს, რომ პატიმარი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

,,დღეს ვაპირებდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას, მითხრეს, რომ პატიმარი საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. საქმის კურსში სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჩავაყენეთ" -აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმროს მდგომარეობით დაინტერესდნენ. 27 ნოემბერს საღამოს განუცხადეს, რომ პატიმარი კვლავ ციხეზე დააბრუნეს.

მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. დაიკითხება ექსპერტი. ექსპერტიზის მიხედვით, მანქანის საჭედან და გადამცემ კოლოფიდან ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა არ ამოვიდა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 ივნისს, დილით, ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე მისულ ქართლი.ჯის ჟურნალისტს გადაღების უფლება არ მისცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომდევნო დღეს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა არასრულწლოვანმა გაიტაცა.

 


იხ. ამავე თემაზე:

პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები