გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემი)
მცხოვრები, 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონიდან
დააბრუნეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა სტეფანე
მესროფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ასაკიანი მამაკაცის გასათავისუფლებად მისი შვილი ახმაჯში
გადაიყვანეს, რომელსაც მამა, ჯარიმის გადახდის გარეშე, გამოატენენ.
სუს-მა გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორა
ღარიბაშვილი არ იყო დაკავებული.
გორა ღარიბაშვილი სახლიდან გუშინ გაიპარა და ოკუპირებული ტერიტორიის
მიმართულებით წავიდა. ოჯახის წევრებმა ამ ეტაპზე მისი შეჩერება ვერ
შეძლეს, რადგან მამაკაცმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა
მოასწრო.
უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ
წელს მოხდა.
გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს.
ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში)
გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში
გაპარვა.
,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ
ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო
ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს,
რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს: ,,სულ
ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო. შარშან
როცა გაიპარა, დააკავეს რუსებმა. ცუდად გამხდარა და გარკვეული ხანი
უპატრონეს ახალგორშივე ნათესავებმა. მერე გამოუშვეს" - გვეუბნება
სოფლის წარმომადგენელი.
სოფელი ახაშენი მდებარეობს ქვემო ჭალის თემში. მას ემიჯნება კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო, ხოლო ახალგორისკენ - სოფელი
მონასტერი. ახაშენში სწორედ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებიც კომუნისტების
პერიოდში ახალგორის რაიონიდან ჩამოასახლეს.
,,ახაშენი მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ეს სახელიც იმიტომ დაარქვეს, რომ
ახალმოსახლეები იყვნენ კომუნისტების პერიოდიდან. ჩამოასახლეს ქსნის
ხეობიდან და დაასახლეს საკორინთლოში. ფაქტობრივად, საკორინთლოს
გარეუბანია. უბანს კი, ახაშენი შეარქვეს" - აცხადებს მერის
წარმომადგენელი.
ახაშენში სულ 15 კომლი ცხოვრობს.
სტატიის გამოყენების პირობები