ახალი ამბები
ხანდაზმულთა სახლი სტუმრების გარეშე


სოფელ ხურვალეთში 6 თვეა ხანდაზმულთა თავშესაფარში სტუმრები არ ყოფილან, რასაც ძალიან განიცდიან. ყველაზე მეტად სწორედ სტუმრების მისვლა უხარიათ. უმეტესობას ახლობლები საერთოდ არ აკითხავენ. 

,,მარტის თვეა და ჩემი ხანდაზმულები ძალიან დასევდიანეულები არიან. ამის მიზეზი სოფელში ვიზიტორების შემოსვლის აკრძალვა გახლავთ. სტუმრები, რომლებიც ჩვენთან ჩვენთან თავშესაფარში სტუმრად მოდიან, ხანდაზმულების სანახავად, პოლიციელები საგუშაგოზე ერთი ან ორი საათით ჩერებენ, არ უშვებენ და უკან აბრუნებენ, რაღაც აბსურდული მიზეზის გამო. თუ რამე მოაქვთ საჩუქრები,  საგუშაგოზე ტოვებენ და მერე  ჩვენთან პოლიციელებს მოაქვთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელია. იმიტომ რომ ჩვენ საჭმელ-სანოვაგე არ გვაკლია, უბრალოდ ჩვენ მოხუცებს ადამიანებთან ურთიერთობა სურთ.“ - ამბობს ლუდა სალია. 

თავშესაფრის ხანდაზმულები ახლა მხოლოდ ერთმანეთს ულოცავენ 8 მარტს.



,,წელს უკვე ერთმანეთს ვულოცავთ, სხვა არაფერი არ ხდება აქ. რატო, რა დავაშავეთ, არ ვიცით. მარტო ის დავაშავეთ, რომ კომუნისტურ წყობაში დავიბადეთ, რატო გაგვრიყა ხელისუფლებამ არ ვიცი, რატო გაგვიმეტეს მარტოობისთვის.“ - ამბობს თავშესაფრის ბენეფიციარი ლეილა ფაჩურიშვილი.

მოხუცები მთელი დღის განმავლობაში წიგნს კითხულობენ, სერიალებს უყურებენ და ნარდს თამაშობენ ,,ნიძლავზე“, მეტ წილად ხინკალზე, თუმცა ,,ნიძლავს“ ვერ აბარებენ, თანხის არქონის გამო.

,,როცა მოწყენილი ვარ წიგნებს ვკითხულობ, ახლა ,,იარას“ კითხვა დავიწყე. ახალგაზრდობაში ბუღალტრად ვმუშაობდი, სანამ კოლმეურნეობები დაიშლებოდა მანამდე ვიმუშავე. არასოდეს სამსახურში შენიშვნა არ მიმიღია, მადლობების მეტი არაფერი არ მაქვს წამოღებული. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი აქ და ძალიან განვიცდით რომ არ უშვებენ ჩვენთან მნახველებს.“- ამბობს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი ნანული ბიძინაშვილი.

ბოლოს სტუმრები მოხუცებთან ახალ წელს იყვნენ. საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ ფანოღები მიიყვანა, კონცერტი ჩაუტარა ხასდაზმულებს, მთელი სოფელი აქ იყო და ძალიან იმხიარულა ყველამ.

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ,,სახლი საზღვრებს გარეშე“ ამჟამად 12 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათგან 8 ქალბატონია. უმეტესობა მათგანი ძალადობის მხსვრეპლია და სწორედ ამის გამო მოხვდნენ თავშესაფარშიც. ყველა ქალბატონს თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს.

საზღვრისპირა სოფელში თავშესაფრის გახსნის იდეა, აფხაზეთიდან დევნილ ლუდა სალიას 5 წლის წინ გაუჩნდა. იდეას ფრთები შეასხა და საკუთარი სახლი თავშესაფრად გადააკეთა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები