ახალი ამბები
დაპატიმრებული სასულიერი პირის ადვოკატებმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
მამა დავითის ადვოკატები დაკავებული სასულიერო პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. მათ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გორის რაიონული სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მღვდლის გათავისუფლების სანაცვლოდ, სააპელაციო სასამართლოს 10 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობენ.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთადერთი მოწმეა, რომელიც მამა საბა ჟღენტის მანქანაში შემთხვევის ღამეს იჯდა.

,,ამბობს, რომ დაინახა თუ როგორ ესროლა იარაღიდან მათ დავითმა, თუმცა, მის ჩვენებას 4 სასულიერო პირის, მათ შორის მამა საბა (ჟღენტის) ჩვენება აბათილებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი არ დაუნახავთ." - აცხადებს ადვოკატი.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის სქემ-იღუმენს, დავითს (კობა კობაიძე) წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოსაზრება გაითვალისწინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს დავით აქიაშვილს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, რაც წინასწარი გამოძიების პროცესში, საქმის ჭეშმარიტების დადგენაში ხელს შეუშლის.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები