ახალი ამბები
მონატრებული პაპა გარდაიცვალა სოფელ ყანჩავეთში - ახალგორი
ფოტოზე:
6px;">სერიოჟა ჯარმელაშვილი შვილიშვილებთან ერთად, 2020 წლის თებერვალი

სულ ამბობდა, ჩემ მშობლიურ მიწაზე მინდა დამმარხონო. როცა თებერვალში გზა 10 დღით გაიხსნა, შეძლო ახალგორის რაიონიდან გამოსვლა. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად რამდენიმე დღე დაჰყო და ისევ დაბრუნდა მშობლიურ ყანჩავეთში.

6 აპრილს ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ 84 წლის სერგო (სერიოჟა) ჯარმელაშვილი გარდაიცვალა. ეზოში, დილით, მეზობლებმა წაქცეული ნახეს.


ფოტოზე: სოფელი ყანჩავეთი, ახალგორის რაიონი

ახალგორის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დილით წაიყვანეს. ერთი შეხედვით, ინსულტის ნიშნები არ იყო, არც გულის დაავადების სიმპტომები იკვეთებოდა. ადგილობრივმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში ევაკუატორით გადაეყვანათ, რადგან კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზით, თბილისი-ახალგორის დამაკავშირებელი საგუშაგო ჩაკეტილია. თუმცა, პაციენტი გარდაიცვალა.

საუბარია სერგო (სეროჟა) ჯარმელაშვილზე, რომელმაც ოკუპირებული ახალგორის რაიონი სიცოცხლის ბოლომდე არ დატოვა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნახეს. ის ჯანმრთელად და მხნედ გამოიყურებოდა.

ყანჩავეთში რამდენიმე ოჯახი დღემდე დარჩენილია. ყურადღებას ასევე ძმა და ძმის მეუღლე აქცევდნენ, ისინი ამავე რაიონში ცხოვრობენ, ოღონდ მათი სოფელი ყანჩავეთიდან 5-6 კმ-ითაა დაშორებული:

,,სულ ვეუბნებოდით, რომ დარჩენილიყო ჩვენთან და აღარ დაბრუნებულიყო ყანჩავეთში. დედაჩემიც წამოვიყვანეთ, რადგან ავადმყოფობდა უკვე და იქ მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც და შვილებიც აქეთ ვიყავით, მაინც არ დარჩა და წავიდა ყანჩავეთში. აქეთ ვერ ძლებდა, სულ იქ უნდოდა ყოფნა," - გვიყვება ლალი ჯარმელაშვილი.


ფოტოზე: ლალი ჯარმელაშვილი, შვილი

ქალბატონი ლალი ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგია, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ასწავლის.

,,როცა გზა გახსნილი იყო, ხშირად ვახერხებდით მის ნახვას. ჩემი ძმა უფრო ხშირად მიდიოდა მამასთან, თვითონაც მოგვყავდა ცოტა ხნით და მერე ისე ბრუნდებოდა. ბოლოს, ძალიან უნდოდა ჩემი შვილის ნახვა, რომელიც გერმანიაში იყო. ისე ნუ მოვკვდები, რომ არ ვნახოო. თუმცა, ვერ აუსრულდა ეს სურვილი." - ამბობს ქალბატონი ლალი.


ფოტოზე: სერიოჟა ჯარმელაშვილის ბედნიერი წუთები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად

ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სერგი ჯარმელაშვილი, ყველაზე მეტად, შვილების ოჯახების უნახაობის გამო წუხდა. ერთადერთი რაც აუსრულდა, მშობლიურ ყანჩავეთში დაკრძალვაა. ბავშვობა ობლობაში გაატარა. მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. ძმასთან ერთად გაჭირვებით გაზარდეს. შრომას და გაჭირვებას მიჩვეული იყო. თუმცა, ვერ ეგუებოდა სხვაგან ცხოვრებას, გარდა ყანჩავეთისა.

,,გული მიკვდება, ვწვები თუ ვდგები, არ მასვენებს მასზე ფიქრები. ხან რას ვფიქრობ, ხან რას, რა მდგომარეობაში იყო, როგორ უჭირდა და იქ არავინ ყავდა. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ გადავარჩენდით. ერთხელ გახდა ცუდად და მაშინაც ვერ ვუშველეთ. ძალიან ჯანმრთელი კაცი იყო. დედაჩემიც რამდენჯერ გადავარჩინეთ, იქ რომ ყოფილიყო, აქამდე ვერ იცოცხლებდა" - გვითხრა ლალი ჯარმელაშვილმა.

ახალგორის გზა 2019 წლის 4 სექტემბრიდან ჩაიკეტა. დროებით 2020 წლის თებერვალში გახსნეს, თუმცა კორონავირუსის გამო, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საგუშგო სრულად ჩაკეტა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საგუშაგოების ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორში 13 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც თბილისის დახმარება ჭირდებოდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები