ახალი ამბები
მეუფე იობი: ,,მამა დავითს მღვდელმოქმედება ავუკრძალე"
ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენი დავითი (კობა კობაიძე) არა თუ მონასტრის წინამძღოლობიდან, არამედ საერთოდ მღვდელმსახურებიდან ჩამოაცილეს. ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი სინოდის სხდომის მოწვევა იმ ფაქტის განსახილველად, რაც ყინწვისის მონასტრების მღვდელმსახურებს შორის მოხდა.

,,მიცვალებულთა მოხსენიების დღე იყო, არქიმანდრიტ შიოს საფლავზე ვიყავით. იქ საერო პირებს შორის მოხდა კონფლიტი. მამა საბამ დაიცვა თავისი სტუმრები, მამა დავითმა დაიცვა თავისი სტუმრები. ამას მოყვა ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის მდგომარეობა არა აქვს. მამა საბამაც გააკეთა განცხადება, მამა დავითიც იტყვის, როცა გამოვა ალბათ. გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში. ნასვამ ადამიანს განსჯის უნარი არა აქვს." - განაცხადა მეუფე იობმა.

რაც შეეხება სინოდის მხრიდან დაინტერესებას, მეუფე იობი ამბობს, რომ ეს ამბავი სინოდის განსახილველი არ არის:

,,მამა დავითი თავის დროზე ვიშვილე, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში რომ ვნახე, არ მომეწონა. ყველაზე მეტი აკრძალვები მას აქვს მღვდელმოქმედების, ნახეთ სამდივნოში. სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? ეს არის განსახილველი ადგილობრივ ეპარქიაში. მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი ეს არის სასჯელი, მეტი სასჯელი ჩვენ არ შეგვიძლია. მამა საბა კი ჩვეულებრივად წირავს, ლოცულობს. ახლა სასამართლო გაარკვევს ყველაფერს," - აცხადებს მეუფე იობი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 20 აპრილს, ყინწვისის მონასტრების მღვდელმსახურებს შორის, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, სქემ-იღუმენ დავითსა და არქიმანდრიტ საბას შორის ინციდენტი მოხდა. მოგვიანებით, არქიმანდრიტის მანქანა, როგორც პროკურატურა ამბობს, დაცხრილეს. ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ სქემ-იღუმენი დავითი (კობა კობაიძე) დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


იხ. ამავე თემაზე:


არქიმანდრიტი საბა - ,,არ ვარ დაჭრილი"

ყინწვისის ძმების ამბავი

ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია

ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე დაიცავს

ადვოკატი დაკავებულ მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს უარყოფს

პროკურატურა: ,,ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და ავტომატიდან ესროლა"

ძამას ხეობის ყველაზე ,,მდიდარი" სულიერი ძმები



Print

სტატიის გამოყენების პირობები