ახალი ამბები
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
,,მთელი ძამის ხეობა ხელისუფლებას საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, უარის შემდეგ, სასულიერო პირებმა მიწების შესყიდვა კერძო პირების სახელით დაიწყეს:

,,რაც შეეხება ჰექტრებს, თავის დროზე მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ძამას ხეობაში, დაცლილი იყო მაშინ ძამას ხეობა და ფაქტობრივად სოფელი გვერძინეთიც დაცლილი იყო და მოეწონა ძალიან და გააკეთა წერილი, რომ საპატრიარქოსთვის გადაეცათ ძამის ხეობა. მაგრამ ეს იმდროინდელმა ხელისუფლებამ არ გააკეთა." - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად, მიწები მაინც საპატრიარქოს ეკუთვნის:

,,საპატრიარქოს უარი უთხრა და ჩვენ, როგორც კერძო პირებმა, შევიძინეთ ეს მიწები და მონასტრები ავაშენეთ. საძოვრებიც საკუთრებაში გვაქვს ჩვენ. ეს ჩვენ იმიტომ გავაკეთეთ, რომ უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები. ეკლესიის მიწა, იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყანას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თივა მოვიპოვოთ და გავყიდოთ? აბა რითი უნდა ვიარსებოთ? არ გვაქვს მითვისებული, ქარელის ვიცე მერმა მოიტყუა. არავის ვავიწროვებთ და არ ვდევნით, პირიქით ვეხმარებით ყველას." - განმარტა მეუფე იობმა.

შეგახსენებთ, qartli.ge-მ არაერთი მასალა მოამზადა ძამის ხეობაში საძოვრების პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის, სოფელ გვერძინეთში. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები არიან, ჩივიან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქონელს სასულიერო პირები საძოვარზე გაყვანის უფლებას არ აძლევენ.

როგორც აღმოჩნდა, სოფელ გვერძინეთთან და შემდეგ წიფლოვანა-ტყემვლოვანას ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი მიწები აქვთ მამაო სტეფანეს (გიორგი კორინთელი), არქიმანტრიტ საბას (ჟღენტი) და სქემ-იღუმენ დავითს (კობა კობაიძე).

მეუფე იობი განმარტავს, რომ ამით ადგილობრივი მოსახლეობა არ განიცდის შევიწროებას, პირიქით, ისინი მათ უცხოტომელებისგან იცავს. ადგილობრივი მოსახლეობა კი შევიწროებას სასულიერო პირებისგან განიცდის. შევიწროების შესახებ 2019 წელს ქარელის ვიცე-მერი ნუგზარ დაბრუნდაშვილიც საუბრობდა, თუმცა მან ამ განცხადების შემდეგ, ვიცე-მერის თანამდებობა დატოვა.

სოფელ გვერძინეთში ამჟამად 15-მდე კომლი ცხოვრობს, რომლებიც აჭარიდან 90-იან წლებში სტიქიის შემდეგ დაასახლეს. ისინი ჯერ ახალქალაქის რაიონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, ქარელის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

იხ. ამავე თემაზე: 

ძამას ხეობის ყველაზე ,,მდიდარი" სულიერი ძმები



Print

სტატიის გამოყენების პირობები