ახალი ამბები
100-წლის გრიშა ბაინდურაშვილი კასპიდან - ტექსელის აჯანყების მონაწილე
აბჭოთა მესაზღვრედ ლიტვაში მსახურობდა. ომი რომ დაიწყო, ბანაკში სტალინის ბრძანება წაიკითხეს - არც ერთი ნაბიჯი უკან, ერთი ტყვია მუდამ თქვენთვის გქონდეთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტყვედ ცოცხალი არ უნდა ჩავარდნილიყო.

გერმანელებმა დაბომბეს სოფლები, ის პოლკიც, სადაც გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილი იმყოფებოდა. ტყვიამფრქვევს ბოლომდე ისროდა. როცა ტყვიები გაუთავდა, მიმოიხედა ირგვლივ და სამარისებური სიჩუმე იგრძნო. დაბრუნდა პოლკისკენ, თუმცა ისიც დაცარიელებულიყო. სამხედროები უკან იხევდნენ.

,,რუსული ომი" - ასე ქვია ანდრეს ვან ბრუგერის ფილმს, სადაც კასპელი ვეტერანის, გრიგოლ ბაინდურაშვილის ინტერვიუცაა ჩაწერილი. ის დეტალურად ყვება იმ ამბებს, რომელიც ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ გადახდა.

,,ორივე ფეხში ვიყავი დაჭრილი. არხში ჩავვარდი და ვიწექი, ურემმა გამოიარა და ვთხოვე დახმარება. მეურმემ წამიყვანა თავის სახლში. მეორე დღეს გერმანელებს გაუგიათ, რომ სოფელში დაჭრილი სამხედრო იმყოფებოდა და ოთახში შემოვიდნენ. საწოლიდან უნდა გადმოვეგდე. ოჯახის დიასახლისმა დაუყვირა, დაჭრილი არისო და გადამეფარა. ამის მერე ამწიეს და მანქანაზე დამაგდეს, წამიყვანეს ,,ლაგერში". რა ქალაქი იყო არ ვიცი, ერთი 100 ათას კაციანი ბანაკი იყო. ყოველ დილით 500-600 კაცი გაჰყავდათ მკვდარი. რანაირად გადავრჩით, არ ვიცი. ისე მშიოდა, რომ ერთ-ერთი ოფიცრის კისერის დანახვაზე ნერწყვი მომდიოდა. ძალიან დიდი, გოჭივით წითელი კისერი ჰქონდა. მინდოდა ხორცი ამომეგლიჯა, აი, ასეთ მდგომარეობაში ვიყავით" - ყვება გრიგოლ ბაინდურაშვილი ფილმში.

ის ამჟამად კასპის რაიონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. წელს 100 წელი შეუსრულდა და კიდევ ბევრჯერ შეუძლია ის ამბები გაიხსენოს, რაც მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში 20 წლის ყმაწვლის გადახდა.

წელიწადნახევარი ,,ლაგერში" გაატარა. ზამთარში იყო აუტანელი სიტუაცია, სიცივეს ვერ უძლებდნენ:

,,მიწას ვთხრიდით და იქ ვწვებოდით. 4-5 კაციან მიწას ამოვთხრიდით და ასე ვიყავით. ბევრჯერ მიწა ჩამოშლილა და ბევრი მოყვა შიგ და დაიღუპა" - იხსენებს ბაინდურაშვილი.

წელიწადნახევრის შემდეგ ბანაკში საფრანგეთიდან ქართველი ემიგრანტები ჩავიდნენ. მათი სტუმრობის შემდეგ, ქართველი ტყვეები გადაარჩიეს და პოლონეთში გადაიყვანეს, იქ უკვე ხის სახლებში, უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ, ნორმალურად აჭმევდნენ. გარკვეული ხნის შემდეგ, ამ ახალ ბანკში იარაღის საწყობი გატყდა. დანაშაული ქართველ ტყვეებს დააბრალეს და ტექსელის კუნძულზე გადაიყვანეს. იქ უკვე 800-მდე ქართველი იყო.

ქართული ბატალიონის მეთაური იყო შალვა ლოლაძე, რომელიც ადგილობრივ კომუნისტური მოძრაობის ლიდერს დაუმეგობრდა. კუნძულზე აჯანყება მოაწყეს, სადაც ქართველებთან ერთად 200 ჰოლანდიელი იბრძოდა. 500 გერმანელი სიცოცხლეს გამოასალმეს.

აჯანყებულებს ქალი, კორნელია ბოონი ეხმარებოდა. გერმანელთა მოძრაობის შესახებ, ის მათ ატყობინებდა. ძალიან ბევრი ქართველი შეიფარა და გადაარჩინა.

,,პირველად რომ კორნელია გავიცანი, გვითხრა, მოდით ხოლმეო, საჭმელი თუ არ გყოფნით, გაგატანთ ხოლმე აქედანო. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა. უფროსი ბიჭი ჰყავდათ ჩემი ტოლი, კიდევ პატარები. მისი ქმარი მეზღვაური იყო, ბათუმსა და ფოთში იყო ნამყოფი. ეს მაშინ, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაარსდებოდა. ძალიან პატივს მცემდნენ ქართველებიო და ჩვენც გვეხმარებოდნენ." - ამბობს გრიშა ბაინდურაშვილი.

,,ერთხელ დაზვერვაზე ვიყავით, ნაგაზების ხმა შემოგვესმა. გადავწყვიტეთ თივის ზვინებში ჩავმალულიყავით. გერმანელების ნაგაზი თივის ზვინს აწყდებოდა. ერთმა კიბე საიდანღაც მოიტანა და ამოძრვა ზვინზე. ხატვა რომ შემეძლოს, დავხატავდი მის სახეს: შავგვრემანი ბიჭი. ჩვენს შორის ერთი ჩალის კონა იყო. დამალვას აზრი არ ჰქონდა. მან დამინახა, რამდენიმე წუთს ვუყურეთ ერთმანეთს, მერე გატრიალდა და წავიდა: აქ არ არიან, რუსი პარტიზანებიო" - იხსენებს ინტერვიუში გრიშა ბაინდურაშვილი.

შავგრემანმა გერმანელმა მას სიცოცხლე აჩუქა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა.


ქვემოთ ფოტოზე: კადრი დოკუმენტური ფილმიდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები