ახალი ამბები
17 ფერის ტიტები რეალიზაციის გარეშე - სოფელი ბრეძა


წელს საოცარი მოსავალი ჰქონდა. 17 ფერის ტიტამ იხარა. 3 სათბურში რომ ვერ დატია, წითლები გარეთ ცარიელ ადგილას ახარა. თუმცა, COVID 19-მა მოუსწრო და ქვეყანაც ჩაიკეტა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმოსვლა შეწყდა. ყვავილების რეალიზაცია კი, აქტიურ ფაზაში 8 მარტიდან შედის ხოლმე:

"გული მიკვდებოდა, ასე რომ ჭკნებოდა. USAID -ი დამეხმარა, წაიღეს ბევრი ყვავილი, 400 ტიტა კი საპატრიარქოს ვაჩუქე. ზოგადად, მარტიდან მაისის დასაწყისამდე ხარობს ტიტა" - გვითხრა ალიკა მეყანწიშვილმა.

ის ოჯახურ ტრადიციას მისდევს. წლების წინ ეს საქმიანობა მისმა მშობლებმა დაიწყეს. შემდეგ, თვითონ გააგრძელა და მთლიანად, 7-სულიანი ოჯახი ამ საქმიანობით დაკავდა.

"შემოდგომაზე ვიწყებთ ბოლქვების დარგვას, რთულია ზამთარში მათი მოვლა. გარეთ როცა ძალიან ცივა, შესაბამისი ტემპერატურა უნდა იყოს სათბურში , ამისათვის საათში ერთხელ გვიწევს ღუმელში შეშის შეკეთება. სათბური სახლიდან მოშორებით არის. რა თქმა უნდა შრომატევადია, მაგრამ ასე თუ ისე საგაზაფხულო დღესასწაულებზე ვახერხებდით შრომის ანაზღაურებას,"-ამბობს ალიკა მეყანწიშვილი.

ალიკა მეყანწიშვილს, სანამ ჰოლანდიიდან ძვირადღირებულ ტიტებს ჩამოიტანდა, მხოლოდ ორი სახეობის ყვავილი ჰქონდა.

"სამი წლის წინ გამოვიწერეთ ბოლქვები ჰოლანდიიდან. საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. პირველ წელს ვერ მოვახერხეთ ყვავილის მოყვანა. არ ვიცი, რამ შეგვიშალა ხელი და მოსავალი საერთოდ არ მოგვივიდა. შემდეგ თესვის და მოვლის მიდგომები შევცვალეთ, ბოლქვები გადავახარისხეთ და უკვე საოცარი ყვავილები იზრდება. სამწუხაროდ, ამ წელს ყველაფერი დაჭკნა. რას ვიზამთ, მარტო მე ხომ არ ვარ ამ მდგომარეობაში. ამ ბოლქვებს ზაფხულში ამოვიღებთ, გადავახარისხებთ და მშრალ ადგილას შევინახავთ, შემოდგომით კი ისევ დავთესავთ. მომავალი წლის იმედით ვართ," - ამბობს მეყანწიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები