ჭალისუბანი (თუაანთუბანი) - სოფელი ცხინვალის რაიონში
სოფელში ორი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი ალბერტ თუაევისაა (ტუაევი). ალბერტს 3 შვილი და მეუღლე ყავს. მთელ დროს სოფელში ატარებენ. რაიონულ ცენტრში მიმოსვლა უჭირთ, რადგან გზა საკმაოდ მთაგორიან ადგილებზე გადის.

ჩვენ ვსაუბრობთ ცხინვალის რაიონის სოფელ ჭალისუბანზე, რომელსაც თუაანთუბანს უწოდებენ, რადგან აქ ძირითადად ტუაევები ცხოვრობენ. 



გიორგი ელიაური, რომელიც წარმოშობით ამ ხეობიდანაა, გვიხსნის, რომ თუაანთუბანი მაინც განცალკევებითაა. ჭალისუბანს ალბათ იმიტომ მიაკუთვნეს, რომ ძალიან ახლოსაა ამ დასახლებასთან.

,,ახლა დაერქვა მაგას ჭალისუბანი, თორემ ადრე თუაანთ უბანს (Туаты сых) ან თვაურებს ეძახდნენ. ჭალისუბანი დაბლაა. იქ ორი ოჯახი ცხოვრობს - ბიჩენოვები. ზემო ვილდიდან არიან გადასახლებულები" - ამბობს გიორგი ელიაური.

ორივე უბანს მდინარე მეჯუდა ჩამოუდის. ეს მდინარე ცნობილია გორის მუნიციპალიტეტში, რადგან ძირითადად, სწორედ გორის მუნიციპალიტეტში გაივაკებს. მისი სათავე კი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იწყება. მეჯუდა ქალაქ გორში ლიახვს უერთდება.



არსებობს 1960-იან წლებში ჩატარებული აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ჭალისუბანიც მოხსენიებულია. მცხოვრებთა რაოდენობა იმ პერიოდში 60 ადამიანს შეადგენდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები