ახალი ამბები
ხაშურიდან სურამამდე ველობილიკის მოწყობა შესაძლებელია - პეტიცია
,,სურამი ისეთ მდგომარეობაშია, როგორც მისი რკინიგზის სადგური" - აცხადებს ხაშურში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი.

მისი ინიციატივით, პეტიციის შეადგინეს, რომელითაც ხაშური-სურამის მონაკვეთზე გაუქმებული რკინიგზის ნაცვლად, ველობილიკების მოწყობას ითხოვენ.

,,ჩვენ ხაშურის მოსახლეობა ვითხოვთ, ხაშურიდან სურამამდე, სადაც გაუქმებული ლიანდაგია, მოეწყოს ბულვარი ველობილიკებით. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ხაშურ-სურამის განვითარებაც დაიწყება. ბულვარის გასწვრივ მიეწყობა უამრავი ბიზნეს ფართი, სადაც ხალხიც დასაქმდება და შემოსავალი გაუჩნდება მოსახლეობას." - აღნიშნულია პეტიციაში.



სურამის ძველი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ბულვარის მოწყობის მიზნით საკუთრი მოსაზრება ჯერ კიდევ 2019 წელს სკოლის მოსწავლეებმაც გამოთქვეს.  "ბულვარი – სურამის ახალი სიცოცხლე" - ასე ერქვა პროექტს, რომელიც ახალგაზრდებმა მერიას  წარუდგინეს. მისი ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბულვარის მოწყობა სურამის რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზეა შესაძლებელია. იყო დრო, როდესაც ხაშურიდან სურამში მატარებელი დადიოდა, თუმცა, უკვე ათწლეულებია, რკინიგზა გაუქმებულია, მატარებელი აღარ დადის, შენობები უპატრონობისგან ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება, ტერიტორია კი დაბინძურებული და გასაწმენდია.

ეს ტერიტორია დღემდე საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა მის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს, საქართველოს რკინიგზას კი ამ უნიკალურ კურორტზე არსებული თავისი ქონება უპატრონოდ აქვს მიგდებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები