ახალი ამბები
დირექტორები შიდა ქართლიდან, რომლებიც სკოლის ლიდერობის კონკურსის ფინალისტები გახდნენ
2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებს შორის, ორი დირექტორი დასახელდა, რომლებიც შიდა ქართლიდანაა.

ესენი არიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავისა და ხაშურის #1 საჯარო სკოლების დირექტორები.

მიმოზა ღოლიჯაშვილი და მორის დანდურიშვილი მიმდინარე კონკურსში მონაწილეობენ, რომელიც განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, იმართება.

კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები