ახალი ამბები
ახალგორიდან თბილისში გადასვლის უფლება 3 ადამიანს მისცეს
ახალგორს 3 ქალი დატოვებს, რომლებსაც, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, შეეძლებათ დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ქალები გამყოფ ხაზს მალე დატოვებენ, რადგან მათი მოთხოვნა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის, ერიკ ფუხაევის დონეზე გადაწყდა.

"ერთ ქალს, მეუღლის გარდაცვალების გამო, სურს წასვლა. კიდევ ერთ მაცხოვრებელს, სერიოზული ავადმყოფობის გამო, ახალგორის დატოვება მოუწევს. კიდევ სხვა ქალი საზღვრის გადაკვეთის ნებართვას ითხოვს იმის გამო, რომ მისი მეუღლე გარდაცვალების პირასაა", - განმარტა ფუხაევმა დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე.

მინისტრთა კაბინეტმა უსაფრთხოების კომიტეტს დაავალა, რომ უზრუნველყოს ამ მოქალაქეების გადაადგილება.

ცხინვალის KGB-მ თბილისთან დამაკავშირებელი ორი საგუშაგო, კორონავირუსის მიზეზით, 5 აპრილიდან ჩაკეტა. სხვა საგუშაგოები კი, 2019 წლის 4 სექტემბრიდანაა ჩაკეტილი, ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები