ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი: ,,აქტიურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია და ქვები დაგვიშინეს"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ გუშინდელ ინციდენტის უკან, მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და მისი ძმა დგანან. გუბერნატორის ძმა - ლევან ხოჯევანიშვილი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა.

ბასიშვილის განმარტებით, ოფისის დარბევა იმ აქტიურობას უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაიწყეს. 

2020 წლის 26 ივნისს, პარტიის ოფისი ქვებით დაარბიეს, ჩაამსხვრიეს მინები, დალეწეს მაგიდები და კომპიუტერები. დარბეული ოფისი ენმ-ს წევრებმა დილით ნახეს.

,,აღმოვაჩინეთ და გავარკვიეთ ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა. ეს გახლავთ დავით შოთაშვილი, რომელიც 2012 წლიდან აქტიური მხარდამჭერია ქართული ოცნების, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონი დავითი ერთ-ერთ აიპიში მუშაობდა. მინდა დავადანაშაულო მხარის გუბერნატორი, სწორდეს ხოჯევანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას. სწორედ მისი და მისი ძმის - სუსის გარეშე არ ხდება ასეთი ფაქტები." - აცხადებს ბასიშვილი.

დღევანდელ ბრიფინგზე იმ ადამიანების ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ და აცხადებდნენ, რომ ოფისის დარბევა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თავად მოაწყეს: 

,,აი, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვადანაშაულებს, თითქოს ჩვენ მოვაწყეთ დარბევა. ეს გახლავთ ზურაბ ქარელი, შმაგი ხუბულური და სხვები." - აღნიშნავს ბასიშვილი.

ბრიფინგს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია გამოეხმაურა:

,,კომენტარი არ იქნება, თუმცა გუბერნატორის პოზიციას გაგაცნობთ, რომ აფსურდის თეატრზე და მითუმეტეს, მსგავს არასერიოზულ ცილისწამებაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებო".

რაც შეეხება ქვების დაშენას, 2012 წელს, ,,ქართული ოცნება" ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, ქვების დაშენის ორგანიზებაში სწორედ ბადრი ბასიშვილს ადანაშაულებდა. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მყოფ კახი კალაძეს და მაშინდელი ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებს ქვები ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ესროლეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. იმ პერიოდში ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ,,ქართული ოცმების" წარმომადგენლებმა მოაწყეს, ხოლო ჟურნალისტების ცემა დაგმო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები