ახალი ამბები
კოლმეურნეობის თავმჯდომარის ტრაგედია - საბჭოთა სისტემის ბოლო წლებში
დაკრძალვის დღეს სოფელში უამრავი ადამიანი ჩავიდა. ბოლო გზაზე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს და მიწათმომწყობს მიაცილებდნენ. ლენა მასწავლებელს უთქვამს - მეც რომ ასე დამკრძალონ, თუ გინდ ხვალვე გარდავიცვალოო.

სოფელი ქვახვრელი და საბჭოთა საქართველო ორ ახალგაზრდას ემშვიდობებოდა.

1985 წლის 17 ოქტომბრის ღამე საბედისწერო აღმოჩნდა 33-წლის იასონ გაბინაშვილისთვის. მან სოფელ ქვახვრელის ვენახებში ყურძნის ქურდების ორგანიზებულ ჯგუფს, რამდენიმე ბრიგადირთან ერთად, ფაქტზე წაასწრო. იასონ გაბინაშვილი და მიწათმომწყობი ზაქარია ჯანეზაშვილი ადგილზე მოკლეს. დანარჩენებმა მძიმე ჭრილობები მიიღეს. კოლმეურნეობის ახალგაზრდა თავმჯდომარეს ეგონა, რომ ვენახებში თანასოფლელები იყვნენ გადაპარულნი. მან არ იცოდა, რომ მოპარულ ყურძენს შუაღამით ათამდე მანქანაზე ტვირთავდნენ.

,,იმ ღამით შემოვლაზე ვიყავით, სულ 8-ნი ვიყავით. ოთხი კაცი ერთ მხარეს წავედით, მეორე ოთხი კაცი - სხვა მხარეს. ბოლოს ისევ ერთად შევხვდით. ძალიან ბნელი ღამე იყო. რაღაც ფაჩი-ფუჩის ხმა მოგვესმა. ხან რა ვიფიქრეთ, ხან რა. ბოლოს იასონმა თქვა, მე შევალ ვენახში და თუ გინდათ გამომყევით, თუ გინდა არა. ეგონა, რომ ისევ თანასოფლელები იყვნენ შეპარნულნი" - იხსენებს არტუშა გაბინაშვილი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს იმ ღამეს.

წინა ღამით, მართლაც, ერთი ადგილობრივი მკვიდრი უნახავთ ვენახში გადაპარულნი. ამჯერადაც ასე ეგონა თავმჯდომარეს.



ფოტოზე: იასონ გაბინაშვილი ბრიგადასთან ერთად

,,პირველი დარტყმა მე მივიღე" - ამბობს არტუშა გაბინაშვილი - ,,როგორც ჩანს, ჩამალულები იყვნენ. ღამე არ ჩანდა, მაგრამ მივხვდით, რომ ბევრნი იყვნენ. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. საკმაოდ ძლიერი ვიყავი მაშინ. ერთი ქურდი მოვიგდე ხელთ და ვიფიქრე, ამას მაინც დავმართავ რამეს, მაგრამ სხვებმა არ მახსოვს, რა მირტყეს, კონდახი იყო თუ რკინის რამე ნაჭერი, ის მირტყეს. გონება დავკარგე და მერე საავადმყოფოში მოვედი გონზე" - იხსენებს არტუშა.

მძიმე დილა გათენდა სოფელში. დაჭრილებმა და დაშავებულებმა ჩამოაღწიეს სოფელში. დაუკავშირდნენ მილიციას, სასწრაფო დახმარების მანქანას. ქურდები გაიქცნენ.

გადიოდა კვირეები, მაგრამ ვერ არკვევდნენ, ვინ იყვნენ ქურდები. მილიციამ მათი ძებნა სოფელში დაიწყო. კვლავ, ეგონათ, რომ ქურდები ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად აწამეს რამდენიმე ადამიანი. მიყავდათ დაკითხვებზე, მაგრამ დანაშაული არავინ აღიარა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ სოფელი ამ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

,,ჯუმბერ პატიაშვილი რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე არ გაიხსნებოდა - ამბობს არტუშა გაბინაშვილი. მან გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს უთხრა, რომ თუ ამ საქმეს არ გამოიძიებთ, თქვენ დაგიჭერთო. " - იხსენებს ტრაგიკული ღამის დაზარალებულიც და მოწმეც.

იმ პერიოდში გორის შს სამმართველოს უფროსად უშანგი მგელაძე მუშაობდა. ის შემდგომში იხსენებდა, რომ საქმე ოფიციანტმა გახსნა. ოფიციანტ ქალს რესტორანში ორი მამაკაცის საუბარი მოუსმენია. ერთმა მეორეს ჰკითხა, თუ როგორი იყო იმ დაშავებული ადამიანის ჯანმრთელობა, რომელიც ხელჩართული ბრძოლის დროს, მათი მხრიდან დაშავდა.

,,იმას თურმე სახლში მკურნალობდნენ. ვიცოდი, რომ სერიოზული დაზიანებები ექნებოდა მასაც. მერე დღე რომ უნახიათ ის ადგილი, დიდ ფართობზე გადაქელილი ყოფილა ვენახი." - ამბობს არტუშა გაბინაშვილი.

პროკურატურამ 9 ადამიანი დააკავა, რომლებიც ძირითადად რუისში მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. ორ მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს, დანარჩენებს ზოგს 15-წლიანი პატიმრობა, ზოგს უფრო ნაკლები.


იხ. რეპორტაჟი


Print

სტატიის გამოყენების პირობები