ახალი ამბები
სოფელ კოშკების კოშკი ინგრევა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში ის კოშკი ინგრევა, რომლის სახელსაც აღნიშნული დასახლება ატარებს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საშიშროება განსაკუთრებით ნალექიან ამინდშია. 

კოშკი სოფლის განაპირას, მდინარე სკრის მარჯვენა სანაპიროზე, ფერდობზე მდებარეობს. ფერდობის ძირში კი, ორი საცხოვრებელი სახლია. 

,,თუ არ გამაგრდა და რაიმე სამუშაოები არ ჩატარდება, კოშკი ჩამოშლის პირასაა. შესაძლოა ეს ქვები საცხოვრებელი სახლებისკენ გადაცვივდეს" - აცხადებენ ადგილობრივები.

თარიღდება XVII საუკუნით. მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების ტიპს. პირით მდინარისაკენ დგას, ზურგით - მთისკენ (6,8 X 8,1 მ; სიმაღლე 16,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით.

კოშკი ძლიერ დაზიანებულია, არ ხერხდება სართულიანობის დადგენა. მოღწეული იყო მხოლოდ ექვსი სართული.

პირველი სართული დამხმარე სათავსია და მას ერთი სარკმელი აქვს. ზედა სართულები სათავდაცვო და საცხოვრებელია. მეორე სართულზე, კარის გარდა, ორი სარკმელიცაა, მესამეზე ბუხარი და ცალმაგი სათოფურებია. მეოთხე სართულზე - სათოფურები და ერთი სარკმელი, მეხუთე სართულზე - სათოფურები და დასავლეთის სწორ კედელში, შვერილ აივანზე გასასვლელი კარი იყო. მეექვსე სართულის კედლებში სათოფურები და განიერი სარკმელი იყო. სართულშუა გადახურვა ყველგან ხის იყო, კოჭოვანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები