ახალი ამბები
COVID 19-ის პანდემიასთან ადაპტირების მიზნით გორის სკოლებში სამზადისს შეუდგნენ
ახალ სასწავლო წლისთვის სკოლებში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ქართლი.გე-ს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, სკოლებში მდგომარეობა იმდაგვარი იქნება, როგორი სიტუაციაც ქვეყანაში და მსოფლიოში იქნება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლებში დისტანციური სწავლება 2020 წლის მარტიდანაა შემოღებული.

,,ბუნებრივია, რომ დამოკიდებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე. ვემზადებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ადაპტირდება სკოლები. ამაზე მიდის მუშაობა. სკოლებში განიხილავენ მათთვის მისაღებ ვარიანტებს, რომ გაანახევრონ ან გაამეოთხედონ მოსწავლეთა რაოდენობა; რომელი მოდელიც იქნება მორგებული, იმ მოდელს აირჩევს სკოლა. იგულისხმება შერეული ანუ ნაწილობრივ დისტანციურ მეთოდზე გადასვლა." - აღნიშნავს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისი ინფორმაციით, სკოლები უკვე მომარაგებულია დისპენსერებით და სადეზინფექციო სითხეებით, ლიტრები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვითაა განსაზღვრული.

,,დღეს ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ოთახების რაოდენობის შესახებ, გადაცევით, იმისათვის, რომ რომელიმე საკლასო ოთახი არ დაგვრჩეს სითხეების და დისპენსერის გარეშე, ასევე, გადავეცით ინფორმაცია სკოლის ფლიგელების რაოდენობის შესახებ." - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

დაგეგმილია, რომ მოსწავლეებს უკონტაქტო თერმომეტრები გადასცენ; იმ სკოლებში კი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500-ს აღემატება, თერმოსკრინინგი დაიდგმება.

,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია სველი წერტილების მოწესრიგება. მუნიციპალიტეტში 33 სკოლა გვაქვს, სადაც სველი წერტილები არის გარეთ. იქ, სადაც სველი წერტილი გარეთაა, მას სკოლაში შეიტანენ; სადაც არა აქვთ ფართი, ის გარემონტდება" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

2020 წლის 11 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. იმავე თვიდან საქართველოში ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 931-ია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 795.

კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები