ახალი ამბები
გორში პოლიციის თანამშრომელი დავით სვიანაძე მოკლეს
წუხელ, საკუთარ სახლში პოლიციელი, დავით სვიანაძე მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააკავეს.

Qartli.ge წერდა, რომ შემთხვევა გვიან ღამით ბერუაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა. პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული სვიანაძისგან, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები