ახალი ამბები
კომპანიას, სადაც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული მუშაობდა, არც ერთი მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული
მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ცეხში მუშაობდა.

,,ჯეო სოლუშენკომპანი" - ასე ჰქვია საწარმოს, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი.

აღნიშნული კომპანია შსს-ს სახელმწიფო შესყიდვებში 2018 წლიდან ჩანს. თუმცა ტენდერი 2019 წელს მოიგო. ამჟამად, არც ერთი მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული. იგივე დაგვიდასტურა კომპანიის წარმომადგენელმა.

,,შესყიდვებში ნახავთ, რომ ამჟამად არც ერთი ტენდერი გვაქვს მიმდინარე, თუმცა, ადრე გვქონდა ტენდერი. რაც შეეხება ბრალდებულს, ამჟამად, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით" - გვითხრეს კომპანიაში.

2018 წელს შს სამინისტრომ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ნაკრების დასაკომპლექტებლად, მუყაოს ყუთები დაამზადა. 

44-წლის დავით სვიანაძე წუხელ გვიან ღამით საკუთარ სახლში მოკლეს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები