ახალი ამბები
პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს
შიდა ქართლის პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ჰასან დუგანს, რომელიც პოლიციის თანამშრომლის დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დააკავეს.

ახალი ფორმულირებით ბრალი - წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობას გულისხმობს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა 44-წლის მამაკაცი იმ დროს მოკლა, როდესაც პოლიციელს სახლში ეძინა. 31-წლის ჰასან დუგანი პოლიციელის საცხოვრებელი სახლის ფართში ქირით ცხოვრობდა.

მკვლელობა 1 ივლისს, დილის 2 საათზე მოხდა.

,,ვცხოვრობ სტამბოლში, დავამთავრე საშუალო სკოლა, არ ვარ ნასამართლევი. უკან მომდევდნენ და მცემდნენ, რატომ უნდა ვეცემე" - იკითხა ჰასან დუგანმა მოსამართლის შეკითხვაზე - იცის თუ არა, რომ მკვლელობაში ედება ბრალი.

ამ ფრაზის თარგმნა თარჯიმანს არ აცალეს და სიტყვა გააწყვეტინეს.

გორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰასან დუგანს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები