ახალი ამბები
კირბალს სასმელი წყალი რუსმა სამხედროებმა გადაუკეტეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში მოსახლეობას წყაროს წყალი გადაუკეტეს. ბუნებრივი წყალი მილებით ოკუპირებულ სოფელ წინაგარისკენ მიმართეს. სოფლის გამგებელი დავით ცერცვაძე მოსახლეობის ნაამბობს არ ეთანხმება და ამბობს, რომ წყალი უკვალოდ დაიკარგა.



იგი იმასაც განმარტავს, რომ წყალი მაშინ დაიკარგა, როცა წყაროს სიახლოვეს სამხედრო ტექნიკა მუშაობდა.

რაც შეეხება ადგილობრივების ინფორმაციას, გაიოზ გინტურის თქმით, სასმელი წყალი წინაგარისკენ სწორედ რუსმა სამხედროებმა გადაქაჩეს, კირბალის მოსახლეობა კი, წყლის გარეშე დატოვეს.

,,სოფელ კირბალს ამჟამად მიეწოდება ჭაბურღილის წყალი. ადრე კომუნისტების დროიდან მთიდან მოდიოდა წყაროს წყალი. მილებიც იყო ჩაყრილი და ყველა ოჯახს ინდივიდუალურად მიეწოდებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ იმათ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმუშავა ოკუპანტების მძიმე ტექნიკამ, რამაც გამოიწვია სასმელი წყლის მილების დაზიანება. სამი წლის წინ ვცადეთ წითელი ჯვრის ჩართვა, რადგან აღდგენა მომხდარიყო, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წყლის კვალი დაიკარგა და შეუძლებელი გახდა მისი აღდგენა." - განმარტავს მერის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე
.



რაც შეეხება სარწყავ არხს, ტირიფონის არხი თანაბრად ნაწილდება როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფლებს შორის.

,,რაც შეეხება სარწყავ წყალს, მათ ტირიფონის არხიდან მიეწოდებათ სარწყავი წყალი და საკმაოდ ბევრი, ხოლო წინაგარაში, სადაც ოსი მოსახლეობა ცხოვრობს, მელიორაციის სამსახური ამავე არხიდან საკუთარი ნებით ამ მოსახლეობას აწვდის სარწყავ წყალს." - გვპასუხობს სოფლის წარმომადგენელი.

კირბალი შიდა ქართლში, ტირიფონის ვაკეზე მდებარეობს. 2008 წლის ომმა თავისი კვალი დატოვა. გორიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელს საძოვრებიც არა აქვს. სოფლის მკვიდრი გაიოზ გინტური ამბობს, რომ წყალი მაინც სოფლის მთავარი პრობლემაა და საჭიროა ხელისუფლებამ ოკუპანტებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

"სოფელი გაწყდება, ნახევარ მეტრიან წურბელებს ვყლაპავთ, უწყლოთ ვიხოცებით. ახლა თქვენ წყალი რომ მოგწყურდეთ, მაღაზია დაკეტილია კოკა-კოლას ვერ დალევთ, წყალი არ არის და რითი გცეთ პატივი? გორიდან ამოდიოდნენ და აქედან მიჰქონდათ ცივი წყალი ხოლმე. არაფერი გვაკლდა, ყველაფერი თავის დროზე იყო. ახლა იმიტომ არ გვაქვს, რომ რუსებმა წაიყვანეს ჩვენი წყალი. სოფელი რომ არის წინაგარა, ეგრე გადაიყვანეს. პატრონი არ გვყავს, რომ გვიპატრონოს. ან მოლაპარაკება აწარმოონ და დაგვიბრუნონ წყალი. ადრე მამული მქონდა შიშით ვერ ვხნავ, ვერ ვთესავ დამიჭერენ , წამიყვანენ რუსები. საძოვრებიც იმათ ხელშია. ნახირი ვერ გადის საქონელს იტაცებენ. თუ ჩაუვარდათ ხელში იპარავენ, მიჰყავთ. აი ახლა სოფელმა რამდენი ნახირი დაკარგა. ვიღა მოგცემს. მიჰყავთ ხოცავენ და ჭამენ." აღნიშნა გინტურმა




გაიოზის მსგავსად, ამირან პაპიტაშვილიც იმავე პრობლემებზე საუბრობს. მას ყველაზე მეტად სოფლის სალოცავში ასვლა ეშინია, რადგან რუსი სამხედროები იქ ავტომატებით გადაადგილდებიან.

"სად უნდა წაიყვანო საქონელი? აბა სად უნდა აძოვო? კარგი მთებია, გვერდებია და ვერ გარეკავ. ქვემოთ კიდევ კერძო ბაღებია. ბაღში ხომ ვერ შეიყვან საქონელს? საძოვარი რომ არ არის, გარეკავენ ტყეში, მიდიან მერე და ვეღარ გამოდიან, იკარგება. იქ თუ ავედით დაგვიჭერენ. სალოცავშიც ვერ ავდივართ გვეშინია, ავტომატებით გადაივლიან და გადმოივლიან. იქიდან მოდიოდა ჩვენი სასმელი წყალი, მაგრამ წინაგარამ წაიყვანა და ჩვენ აღარ გვაქვს. მიწაში ბურღავენ აყროლებულ წყალს და იმას ვსვავთ." თქვა ამირან პაპიტაშვილმა.

სოფლის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ იგეგმება ახალი ჭაბურღილის გათხრა:

,,დაიქსელება სოფელი, დაუყენდებათ წყლის მრიცხველები და ყველა ოჯახს ინდივიდუალურად 24 საათის განმავლობაში მიეწოდება სასმელი წყალი. პროექტი უკვე ჩაშვებულია და ველოდებით ტენდერის გამოცხადებას" - აღნიშნავს დავით ცერცვაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები