ახალი ამბები
ქარელის მერს 500-ლიტრიანი ავზის ნაცვლად 200-ლიატრინი ავზი ჩააბარეს
ქარელის მერიაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ფცასა და ბრეთის მეურნეობის სკოლებში ინდმეწარმე გულნარა ბალახაძემ გათბობის სისტემების მონტაჟი დაასრულა.

კომპანიამ მერიაში სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ფორმა #2 წარადგინა, თუმცა როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ინსპექტირების ჯგუფმა ადგილზე შესწავლის შედეგად ნაკლოვანებები აღმოაჩინა.

კერძოდ, გაარკვიეს, რომ დამონტაჟებული იყო არა 500-ლიტრიანი ავზები, არამედ, 200-ლიტრიანი ავზები. ამის გამო, ზაზა გულიაშვილმა შავ სიაში ,,გულნარა ბალახაძის" შეყვანა მოითხოვა.

,,გულნარა ბალახაძის" წარმომადგენელი ტარიელ გოჩაშვილი აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოთქმული პრეტენზია გახდა იმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ კომპანია შავ სიაში არ შეიყვანეს:

,,თავისთავად, როცა ობიექტი ჩავაბარეთ, მერე გაჩნდა პრეტენზია, რასაც არ ვეთანხმებოდით სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაში. სამუშაო შესრულდა, უბრალოდ, არ იყო 500-ლიტრიანი ავზის საჭიროება და დააყენეს 200-ლიტრიანი ავზი. ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ტარიელ გოჩაშვილი.

ქარელის მერიის პოზიციის თანახმად, კომპანიამ შეასრულა 157 349,44 ლარის ღირებულების სამუშაოები (სრული მოცულობის 88%), ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3 017,78 ლარს. ორივე სკოლაში 2 ცალი საცირკულაციო ტუმბის ნაცვლად მოწყობილი იყო 1 ცალი. გარდა ამისა, 500-ლიტრიანი საფართოვებელი ავზის ნაცვლად მოწყობილი იყო 200-ლიტრიანი ავზი.

ორივე სკოლის დირექტორი qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სისტემა კარგად მუშაობს, თუმცა კომპანიასა და მერიას შორის არსებული დავის დეტალები მათთვის ცნობილი არაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები