ახალი ამბები
,,გაქრნენ ბიჭები ტანკიანად" - აგვისტოს ომში დაკარგული ჯარისკაცის დედა
2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს 9:25 წუთზე ოსური სოფლების, უბიათისა და ხეთაგუროვის მხრიდან, ქართული სოფლების ავნევისა და ნულის მიმართულებით გაიხსნა საარტილერიო ცეცხლი სახვადასხვა სახის შეიარღებებიდან. საარტილერიო სროლა მიმდინარეობდა უწყვეტად მთელი დღის განმავლობაში.

გორის ჯავშანსატანკო ბატალიონი, ნიქოზისა და თამარაშენის გავლით, ცხინვალისკენ დაიძრა. #406 ტანკის წევრები, რომელსაც მძღოლ-მექანიკოსი კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, მართავდა, კოლონას პირველი მიუძღოდა...

ოთარ სუხიტაშვილის დედა ქეთევან სუხიტაშვილი, რუსული ოკუპაციისაგან გამოწვეულ მძიმე დღეებს Qartli.ge სთან იხსენებს.

"6 აგვისტოს მე და ჩემი შვილი სახლიდან გავედით. ის ჯარში წავიდა და მე თბილისში ამ ბიჭის ჩამოსაყვანად. მანდ დავშორდით ერთმანეთს, მას მერე აღარ მინახავს. არ ვიცოდი, ომი თუ იწყებოდა. არეულობა რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ომი თუ დაიწყებოდა, არ მეგონა. ოთარმა შვილს დაურეკა და უთხრა "მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა. არ ვიცი ცოცხალი გამოვალ თუ არა."-ო.

როგორც ვიცი, ცოლსაც ელაპარაკა და 8-ში საერთოდ დავკარგეთ კონტაქტი.

,,დახოცილი ბიჭები გამოჰყავდათ და ჩვენც მორგში ვეძებდით რომ იქნებ იქ ვიპოვოთო. დაჭრილებშიც ვეძებდით." - იხსენებს, დედა ქეთევან სუხიტაშვილი.

აგვისტოს დღეებში რთული მდგომარეობა იყო გორის სოფლებში, განსაკუთრებით ნიქოზში ტყვიავსა და კარალეთში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა საცხოვრებელი სახლები. ადგილზე ძირითადად მოხუცები რჩებოდნენ იმის იმედით, რომ მათ არავინ შეეხებოდა. იმ სახლში დარჩენა, სადაც ომში მონაწილე ჯარისკაცი ცხოვრობდა, საშიშროებას ამძაფრებდა. ოთარ სუხიტაშვილის დედამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ მისი შვილის ტანსაცმელი და სურათები ბაღის ბოლოში გადამალა.

" მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გარეთ არ გავსულვართ. რძალი და ბავშვები 11-ში წავიდნენ, მანამდე აქ იყვნენ. ოსები და რუსები ტანკებით დადიოდნენ. ჩვენთანაც შემოვიდნენ სახლში. მეკითხებოდნენ, სად არის შენი შვილიო, მაგრამ მე ტანსაცმლის და სურათების დამალვა მოვასწარი და ვუთხარი რომ არ მყავს მეთქი. დარწმუნებული ვარ იცოდნენ, სადაც მოდიოდნენ."

ომის დასრულების შემდეგ, ოჯახს უფრო რთული პერიოდი დაუდგა. სიმართლის დასადგენად ბევრ გზას მიმართეს, მათ შორის მოიძიეს ახლო ნათესავები ცხინვალში, მიმართეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებადამცველს თომას ჰამერბერგს, თუმცა კაპრალი ოთარ სუხიტაშვილის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.

"პირველი ჩემი შვილის ტანკი შევიდა, სადაც იყვნენ რომელაშვილი გია, ბირთველიშვილი ზაზა და სუხიტაშვილი ოთო. პირველები ესენი შევიდნენ, რადგან ამათმა გზა იცოდნენ. მომდევნო ტანკები ააფეთქეს, ამათი ტანკი აფეთქებული არავის უნახავს. ჩემს შვილს კავშირი აღარავისთან ჰქონია.

როდესაც ყველაფერი დასრულდა და ვერსად ვნახეთ, ჰამერბერგს შევხვდით ხუთჯერ მაინც.

გამოძიება დაიწყო ცხინვალში, დასკვნა გამოგვიტანეს, რომ მათი ტანკი ავაფეთქეთ და ბიჭები დავხოცეთო. თუმცა, შემდეგ ჰამერბერგმა გვითხრა, რომ ის ტანკის ნაწილები, რომელიც აფეთქდა, არ დაემთხვა იმ ტანკს რომელსაც მძღოლ-მექანიკოსი სუხიტაშვილი მართავდა.

,,ამის შემდეგ სხვა გზებს მივმართეთ. ჩემი ძმა ერგნეთში ვაჭრობდა, სადაც ძმაკაცები ჰყავდა. ბოევიკებს რომ ეძახდნენ, იმათ. ერთ-ერთ მათგანს დაურეკა დახმარების თხოვნით. შემდეგ, ისევ რომ სცადა დაკავშირება, ვერ დაეკონტაქტა. მერე სხვას გადაურეკა და იმან უთხრა, რომ აღარ დარეკო პირველად ვისაც დაურეკე, შენთან საუბრის გამო, ისიც მოკლესო. არ გველაპარაკებიან ჩემს რძალსაც ბიცოლა პროკურატურაში ყავს და არაფრის გაგონება არ უნდათ ეშინიათ."

შვილზე სიამაყით საუბრობს. ყველა ადამიანი, ვინც მის თავს ახსენებს, აძლიერებს და არსებობაში ეხმარება. ამბობს, რომ სამაგალითო პიროვნება გაზარდა. იხსენებს, როგორ ოცნებობდა მისი შვილი დაბრუნებაზე და ამბობდა, რომ პირველები ის და მისი მეგობრები უნდა შესულიყვნენ.

"ომის დაწყებამდე ჯარში 4 წელი იმსახურა, 33 წლის იყო. 29 აპრილს 45 წლისა გამიხდა. ოთო ჩემი მესაიდუმლე და მეგობარი იყო. ყველაფერს ველაპარაკებოდით ერთმანეთს ძალიან თბილი, მოსაუბრე და მოსიყვარულე. ვერავინ იტყვის, რომ ოთომ ცუდი ბიჭობა ჩაიდინა ან ცუდი ახალგაზრდა იყო. ყოველ კვირას ამხანაგებთან ერთად ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ, ხინკალს გამამზადებინებდნენ და სულ ცხინვალში დაბრუნებაზე საუბრობდნენ. ყოველთვის ამბობდნენ, რომ პირველები უნდა შესულიყვნენ. მათგან ვინც გადარჩა, მოდიან ჩვენთან, გვკითხულობენ. შვებაა ამ ბიჭებს რომ ვხედავ, მგონია თითქოს ჩემი შილი დავინახე."

გმირი კაპრალის დედა ახლა შვილიშვილების წარმატებით ხარობს. აბედნიერებს გზა რომელიც ოთარ სუხიტაშვილის ვაჟმა მამის საპატივსაცემოდ აირჩია. დღეს ის ავღანეთში მსახურობს და მამის ჯარის ფორმას, ხსოვნასთან ერთად, სათუთად ინახავს.

"შვილიშვილებს ახსოვთ მამა, 9 წლის იყო ბოჭი და 10 ის გოგო. სანამ ომში წავიდოდა, ბიჭს დაპირდა, რომ კარგ დაბადების დღეს გადაუხდიდა, მაგრამ მისი დანაპირების შესრულება მე მომიწია. ახლა ჩემი შვილიშილი ავღანეთშია. ნიჭიერი ბიჭია, თუმცა სწავლა არ გააგრძელა. თქვა, რომ მამაჩემის გზას უნდა გავყვეო. არ მიჰყავდათ ჯარში. ომში დაღუპულის შვილი რომ იყო. მაინც თავისი გაიტანა."

ომით გამოწვეულმა ტრაგედიამ მოხუცი მშობლები ფიზიკურადაც გატეხა. ამბობენ, რომ შვილი, რომელიც თითქოს დაკარგეს ახლაც მათი ოჯახის მარჩენალია. ყველაზე მეტად მისი სახელის არ დაფასება ტკივათ.

"ძალიან ცუდად ვართ დარდმა გაგვტეხა. ინსულინზე ვართ დამოკიდებულები. წუთი არ გავა მასზე არ ვიფიქრო. ამაყი დედა ვარ რომ ჩემმა შვილმა სამშობლოს შესწირა თავი და სხვამ არ მოკლა ქურდობის გამო.

ცარიელი საფლავი მაქვს მუხათგვერდში გახსნილი, როცა იქ მივდივარ ცოტა შვებას გვრძნობ მგონია რომ შვილი ვიპოვე. ამაყი ვარ რომ კარგი შილი გავზარდე ამაყად დავდივარ.

ყველაზე მეტად მინდა სასწაული მოხდეს და ცოცხალი გადარჩეს მაგრამ ისეთი მოხერხებული ბიჭი იყო რამეს მაინც გაგვაგებინებდა აქამდე. ჩემი შვილი დაიღუპა და მაინც ის მინახავს მის სახელზე პენსიას გვაძლევენ. გული მტკივა, რომ მისი სახელი ჯერ კიდევ ვერ დააფასეს. არც სოფელში და არსად მის სახელზე არაფერი გახსნილა. იქნებ სკოლაშ მაინც გაეხსნათ რამე სტენდი. გული მტკივა."


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები