ახალი ამბები
გორში დაზარალებული ჩივის, რომ სტუმარმა ტელეფონი მოპარა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სახლიდან მობილური ტელეფონის გატაცებაში ედება ბრალი.

ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მისი დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ სინამდვილეში სხვა ფაქტს ჰქონდა ადგილი.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სტუმრად იმყოფებოდა ამ ქალის ოჯახში. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, გზაზე პოლიციის მანქანა შეხვდა და უთხრეს, რომ დარეკილია, ტელეფონი მოგიპარავსო. ეს ბრალდება მისთვისაც წარმოუდგენელი იყო. არა და, წლების განმავლობაში ამ ოჯახთან მეგობრობდა და 40-ლარიანი ტელეფონის ქურდობისთვის თუ უჩივლებდა ის ქალი, წარმოუდგენელი ფაქტია" - ამბობს ადვოკატი.

ფაქტს ტყვიავის პოლიცია იძიებს და გამომძიებელი სერგო ჟამერაშვილია. როგორც ადვოკატი აცხადებს, გამომძიებელი მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებას ეყრდნობა, რომლის მიხედვით, თითქოს ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ფარულად შეაღწია იმ ქალის სახლში.

,,კიდევ ვიმეორებ, დიდი ხანია ერთმანეთში მიმოსვლა ჰქონდათ, არანაირ ქურდობას ადგილი არ ჰქონია. ეს მობილური ტელეფონი აიღო მაგიდიდან, ცოტა ხანს მათხოვეო. არც ფარულად შესვლას ჰქონდა ადგილი და ისიც უთხრა, რომ ტელეფონი მას ჰქონდა. გარდა ამისა, დაზარალებულის მეუღლე ჩვენებაში წერს, რომ დიდი ხანია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აწვალებს მის მეუღლეს" - განმარტავს ადვოკატი.

რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ქალს ბრალდებულის მიმართ, ამის თაობაზე, ადვოკატს ვერსიების გამოთქმა უჭირს. თუმცა, ფიქრობს, რომ საკმაოდ კურიოზულ ფაქტთან აქვს საქმე, რადგან ბრალდებული უსამართლოდ დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები