ახალი ამბები
სოფელ ფერმაში 40 ოჯახის საქონლის მითვისების ფაქტზე მამა-შვილს ბრალი წაუყენეს
გორის პროკურატურამ საქონლის სასაკლაოს მფლობელებს ბრალი წაუყენა, რომელთაც 40-მდე ოჯახის კუთვნილი საქონლის თაღლითურად მითვისების ფაქტზე ედავებიან.

ამის შესახებ qartli.ge-ს ადვოკატმა ზაზა გიგაურმა განუცხადა. გიგაური დაზარალებული ოჯახების ინტერესებს იცავს და რამდენიმე თვეა პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვდა.

ზაზა გიგაურის ინფორმაციით, ცხოველთა სასაკლაოს მფლობელი მამა-შვილი წუხელ პროკურატურაში დაიბარეს, შემდეგ კი, ბრალი წაუყენეს. პროკურორმა ზურაბ წერეთელმა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ ბრალდებულებს გირაო შეუფარდა.

თაღლითობის სავარაუდო ფაქტი 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა. სოფელ ფერმაში მცხოვრები 40-მდე ოჯახის საქონელი ცხოველთა სასაკლაოს მფლობელებმა იყიდეს, თუმცა თანხა არ გადაიხადეს. მოსახლეობამ აქცია გორში გამართა, შემდეგ კი, საჯარო მიმართვა პროკურატურის მისამართით გააკეთეს.

ერთ-ერთი დაზარალებულია მარიამ მამედოვი. მისი თქმით, საქონელი მათმა თანასოფლელებმა მიითვისეს.

,,გვეუბნება, რომ ფული არა აქვს და ვერ გვიხდის. საიდან აქვს ყოველ კვირა ახალი მანქანა? ყოველ დღე რატომ დადის მარნეულში სავაჭროდ? ყოველ დღე რატომ დადის რესტორანში? წაიყვანა ჩვენი საქონელი, გაყიდა, ფული იშოვა და არაფერს იკლებს. ჩვენ რა დავაშავეთ?" - ამბობს მარიამ მამედოვი.

მამედოვმა გვითხრა, რომ ძალიან უჭირს, ძროხის გაყიდვიდან თანს ელოდებოდა, რომლითაც მისი შვილის მკურნალობას შეძლებდა:

,,ჩემი შვილი ვერ მოძრაობს, ავად არის, მკურნალობა სჭირდება. მაგან რატომ უნდა შეჭამოს ფული? მთავრობამ ნებართვა მომცეს და მაგისგან ძალიან ადვილად გამოვიტან ჩემ ფულსა" აცხადებს მარიამ მამედოვი.

კიდევ ერთი დაზარალებული, ოთარ გურამოღლი ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა იმის გამო, რომ ე.წ. ცეროზის დაავადების სამკურნალოდ ბანკისგან ისესხა, ასევე, დაზიანებული აქვს თავის ქალა, რომელსაც ასევე მკურნალობა სჭირდება.

ფოტოზე: დაზარალებულები

Print

სტატიის გამოყენების პირობები