ახალი ამბები
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენში მცხოვრები ნატო ხუციშვილი ფიზიკის ინსტიტუტში იმ დროს სწავლობდა, როდესაც საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო და საბოლოოდ ეს პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდა.

მიუხედავად ამისა, ნატო ხუციშვილი თვლის, რომ ქვეყანამ იმ პერიოდში ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც 30 წლის განმავლობაში არ გამოსწორებულა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი დღეს აცხადებს, რომ ემოციურ ფონზე მიღებულმა მაშინდელმა გადაწყვეტილებებმა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა. ნატო ხუციშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელი იყო, იმ პერიოდში, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილისთვის მოსმენა და მისი მოსაზრებების გაზიარება.

ამ მხრივ, საინტერესოა მამარდაშვილსა და სტუდენტებს შორის, ფიზიკის ინსტიტუტში მომხდარი დაპირისპირების ისტორია. სალექციო კურსი 40-მდე სტუდენტმა დატოვა და მამარდაშვილი ეროვნული მოძრაობის საწინააღმდეგო განცხადებებში დაადანაშაულეს.

ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ უდიდესი ფილოსოფოსის წინაშე ახალგაზრდობა გაუთვითცნობიერებლად მოიქცა.

მერაბ მამარდაშვილი (ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972) დაიბადა 1930 წელს გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

,,პანდემიის პერიოდში მქონდა საშუალება გავცნობოდი მერაბ მამარდაშვილის წიგნებს. სულ სხვანაირი წარმოდგენა შემექნა და სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რომ ჩემი სათქმელი ვუთხრა მას" - ამბობს ნატო ხუციშვილი.

იხილეთ ნატო ხუციშვილის ვიდეოინტერვიუ


Print

სტატიის გამოყენების პირობები