ახალი ამბები
რესტორანში ცემის შემდეგ გარდაცვლილ ერეკლე თედლიაშვილს დღეს დაკრძალავენ
დღეს ერეკლე თედლიაშვილს დაკრძალავენ. 19-წლის ბიჭს რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისას სცემეს. დაშავებული ახალგაზრდა, საავადმყოფოში 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ოჯახს აქვს სამართლიანი შეკითხვები და შენიშვნები ექიმების მიმართ.

,,კითხვები გვაქვს ექიმების მიმართ და ასევე მკურნალობის შესახებ. თავდაპირველად მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, ხოლო დღითიდღე ერეკლეს მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ამ დროს საეჭვოა ექიმების კომპეტენცია - რატომ გადაიყვანეს რეანიმაციიდან გსარეაბილიტაციო ცენტრში? ფაქტიურად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციოდ. ორ დღეში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და შედეგი არის უმძიმესი. ერეკლე არის დღეს გარდაცვლილი. როდესაც გაივლის უმძიმესი დღეები, ოჯახი აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხებით." - აცხადებს ოჯახის ახლობელი თამარ თედლიაშვილი.

რაც შეეხება გამოძიებას, თამარ თედლიაშვილის თქმით, ოჯახი პირველივე დღეებიდანვე აცხადებდა, რომ ენდობა გამოძიებას.

,,დაკავებულია ერთი პირი, თუ კი ბრალდების მხარეს ექნება შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურა ამას ალბათ გააჟღერებს." - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

მომხდარ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან "ჟოზეფში". ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე დღეს 15 სექტემბერს არის ჩაინიშნული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები