ახალი ამბები
მარტოხელა პავლე გოგიჩაშვილის გასაჭირი - ატოცი
54 წლის პავლე გოგიჩაიშვილს ჯერ სოციალური დახმარება მოუხსნეს, შემდეგ კი, განმეორებითი შემოწმების დროს, შედარებით მაღალი ქულები მოუვიდა და დახმარებაც შემცირებული სახით დაენიშნა. მარტოხელა პავლეს ხერხემლის პრობლემების გამო გადაადგილება უჭირს და სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება.

"შემოსავალი არ მაქვს 50 ლარი მაქვს დახმარება. ვერ დავდივარ, ყველაფერი მტკივა, ოპერაციაზე მინდა ჩასვლა და ვერ ჩავდივარ. შეიძლება არ დამაფინანსონ და ტყუილად ხომ ვერ ჩავალ? ხერხემლიდან მაქვს წანაზარდები. სამი მალა უნდა ამომაჭრან, რომ გავლა შევძლო. 3000 ლარამდე ჯდება ოპერაცია და მითხრეს, 2 წელიწადში თუ არ გაიკეთებ, მერე შეიძლება მაგიდაზე დარჩე ან  ეტლში ჩაჯდეო."

ოპერაციის ხარჯის 70%-ს სახელმწიფო უფინანსებს, მაგრამ დარჩენილ 30% და ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო თანხას, თავს ვერ უყრის. ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით რამდენჯერმე უკვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არ ჰქონია. ჯერ ეს ორმოცდაათი ლარიც მოხსნილი მქონდა. 20 წელია რაც ეს ავადმყოფობა მაქვს, მაგრამ ერთი 5 წელია ჩავარდნილი ვარ. მაშინ კიდე გავდიოდი ან მინდორში ან მეზობელს ვეხმარებოდი და ახლა უკვე აღარ შემიძლია."

გოგიჩაშვილი 2016 წლის მაისში სოციალური აგენტების ვიზიტს იხსენებს:

"მომიხსნენს სოციალური დახმარება და ოქტომბერში მომცეს ისევ. ოღონდ ოთხი თვის პენსი რომ უნდა მოეცათ, ერთი თვის მომცეს. რომ ვკითხე მიზეზი, ასე მიპასუხეს კანონშია ასეო. მეც რა მექნა? წამოვედი. ადრე 60 ლარს ვიღებდი დახმარებას ახლა 50 ს მაძლევენ. აგენტები შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, მითხრეს, კარგი ოთახი გაქვს, ,,ლინენიუმი'' გიგიაო, ექვსი კვადრატია ოთახიო, ამხელა ეზო გაქვსო. ეს იყო მიზეზი "

პავლე გოგიჩაიშილი ახლა ხოლოდ მეზობლების იმედად ცხოვრობს და ამბობს, რომ მათ გარეშე შიმშილით დაიღუპებოდა

"სახლში მაღლა ვეღარც ავდივარ დღეს ან ხვალ შეიძლება თავზე დამეცეს. არაფერი შიგ არ არის, შედით და ნახეთ. ერთი ეს პატარა ოთახია, სადაც ვცხოვრობ და აქაც ორი საწოლი მიდგას, მეტი არაფერი. მეზობელი თუ მოვა და გადმომიტანს ერთი ორ კილო კარტოფილს და პურს მაღაზიიდან. მე ვერაფერს ვაკეთებ. ეს მიწა რომ დავამუშაო, ამაშიც მეზობლები უნდა დამეხმარონ. მოთოხვნაზეც და მოტანაზეც სხვა უნდა მომეხმაროს, მე ვერაფერს ვაკეთებ საერთოდ. აგერ მაღაზიაა 100-150 მეტრში და რომ ამოვდივარ, ერთი 3 საათი მჭირდება. მერე რომ ვიღლები კისერში მირტყავს და მთიშავს. კიდევ კარგი ტელეფონი მაქვს და შემიძლია ვინმეს დავურეკო საშველად."

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ პავლეს ერთადერთი რაც გააჩნია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაა, თუმცა ამასაც ადგილობრივი ხელისუფლება თავის სასარგებლოდ სთხოვს.

"რა ვქნა ჩემი საშველი არსაიდან არის. მაგათ არაფერი შეღავათი არ გაუწევია ჩემთვის. ახლა მეუბნებიან ხმა მოგვეცით, ხმა მოგვეცითო. რა ხმა უნდა მივცე? დახმარების სათხოვნელად, რომ ჩავედი ქარელში მაშინ მომიხსნეს სოციალური და ახლა კიდე რომ ჩავიდე მეშინია კიდე არ მომიხსნან."

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები