ახალი ამბები
კასპში ხოჯევანიშვილის საარჩევნო შტაბიდან აგიტატორი გარიცხეს
გორი -კასპის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო შტაბიდან აგიტატორი გარიცხეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის შტაბის უფროსმა ირაკლი მეზურნიშვილმა მიიღო.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება ადამიანს, რომელმაც წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა.

,,პარტია "ქართული ოცნების" ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, "ქართული ოცნების" აგიტატორი - ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან.
საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, "ქართულ ოცნებაში" მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია. ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის!" - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ნინო კორაშვილის თქმით, ასეთი შინაარსის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო:

,,მე არ ვიცი, რა განცხადება გააკეთა. დღეს დამირეკეს პარტიიდან, რომ მივსულიყავი 15-წუთიანი შეკრება უნდა იყოსო. მე ვერ შევძელი მისვლა. ძალიან ბევრი პრობლემები მაქვს ოჯახში. ბიჭი დაჭერილი მყავს, ჩემ მეუღლესაც პრობლემები შეუქმნეს. ვერ შევძლებდი ვერც მისვლას და ვეღარც მუშაობას. ისედაც ვაპირებდი წასმოვლას. რატომ გააკეთა ესეთი განცხადება არ ვიცი, ამას გავარკვევ. ეს თქვენგან მესმის" - გვითხრა ნინო კორაშვილმა.

ირაკლი მეზურნიშვილს კი სატელკითხვა გავუგზავნეთ იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება შეუეფერებელ საქციელში და პასუხი არ მიგვიღია.

ნინო კორაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ნუგზარ ნონიაშვილმა. მისი თქმით, ნინო კორაშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეხმარება.

,,ქალბატონ ნინო კორაშვილს დააბრალეს ის ფაქტი, თითქოს ის ჩვენი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი ქმედება, რაც ამ ქალბატონის წინაშე ჩაიდინეს და სჩადიან. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ კასპში, კასპის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ასევე ქართულ ოცნებაში არიან. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩვენთან და პირადად ჩემთან ნორმალური დამოკიდებულება აქვს, პარტიიდან გარიცხვის საბაბი თუ მიზეზი გახდა. სირცხვილია, უბრალოდ" - გვითხრა ნუგზარ ნონიაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები