ახალი ამბები
უბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ
,,ჩემ ოჯახში 6 ბავშვია მოწამლული, ჩემ სამეზობლოში კიდევ ორი ოჯახი ვიცი, სადაც ბავშვები მოიწამლნენ. მთელი უბანი წყალს მაღაზიაში ყიდულობს" - გვითხრა პიროვნებამ, რომელიც დღეს დილიდან კომბინატის დასახლებაში სასმელი წყლის ყიდვას ვერ ახერხებს.

დიდ სუპერმარკეტებში კომბინატის დასახლებაში დიდი შეფუთვით სასმელი წყლის დეფიციტია.

,,იავნანას" კლინიკაში ამბობენ, რომ მოწამვლის თაობაზე 48 ბავშვი მიიყვანეს, მათგან სტაციონალური მკურნალობას 16 ბავშვი გადის, დანარჩენები უკვე გაეწერნენ:



,,მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება"- აცხადებს ,,იავნანას" ექიმი.

კომბინატის დასახლებაში მცხოვრებნი, კერძოდ მშვიდობის ქ. 28 და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი მეორე დღეა სასმელ წყალს ყიდულობენ.

მოწამვლის შემთხვევებს ისინი სასმელ წყალს უკავშირებენ. ბავშვები სამკურნალოდ , ,იავნანას" კლინიკაში წაიყვანეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არა აქვს.
ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერი შალვა ტაბატაძე ესაუბრა.

მისი თქმით, დღეს დილით სასმელი წყლის მოწამვლის თაობაზე ჭორი გავრცელდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შემოწმება დაიწყო და ლაბორატორიულ დასკვნას მაინც დადებენ.

,,ერთ-ერთ სკოლაში მშობელი მისულა და უთქვამს, რომ ბავშვი წყლით მოიწამლა და აღარ დაალევინოთო. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძებნა, თუ სად რომელ ოჯახში მოხდა ეს. ვერ მივაკვლიეთ ასეთ ოჯახს. წყალი ყოველდღიურად სისტემაში მოწმდება და ეს რომ არ გავაკეთოთ, არავინ გვაპატიებს. მიუხედავად ამისა,დღის განმავლობაში წყალი ლაბორატორიულად შემოწმდება და ყველა ნახავს, რომ სიცრუე გავრცელდა-", ამბობს შალვა ტაბატაძე.

იხ. ამავე თემაზე: 

დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები