ახალი ამბები
დიარეის მიზეზით გორის მე-7 სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა
დღეს გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში 229 მოსწავლე სასწავლო პროცესზე არ გამოცხადდა. ამის მიზეზად მშობლებმა კლასების დამრიგებლებს ინტოქსიკაციის მიზეზი დაუსახელა.

სკოლის დირექტორი, ნოდარ იარღანაშვილი ამბობს, რომ ასეთი მასშტაბური გაცდენა სკოლის ისტორიას არ ახსოვს. მისი განმარტებით, კლასების დამრიგებლები მშობლებს ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ:

,,პირველივე გაკვეთილი მეცხრე კლასში მქონდა, ისტორიის. კლასში 15 მოსწავლე არ ესწრებოდა. მაშინვე დავუკავშირდი მოადგილეს და სიტუაციაში გარკვევა ვთხოვე. აღმოჩნდა, რომ სხვა კლასებშიც არ მოვიდნენ ბავშვებში, ჯამში, ეს რიცხვი 230-მდე გაიზარდა. დავიწყეთ მოკვლევა და ვისაც დავუკავშირდით, ყველამ განაცხადა, რომ მოწამვლის ნიშნების გამო, არ წამოვიდნენ ბავშვები სკოლაში" - გვითხრა ნოდარ იარღანაშვილმა.

მისთვის უცნობია, დაჭირდა თუ არა ყველა მოსწავლეს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა. იავნანას კლინიკაში ამბობენ, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 48 მოზარდმა მიმართა, საიდანაც პედიატრიულ მკურნალობას 16 მოსწავლე დაექვემდებარა.

მეშვიდე სკოლა კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. აქ 1084 მოსწავლე ირიცხება. ნოდარ იარღანაშვილმა გვითხრა, რომ ჩვეულებრივ პირობებში გამცდენ მოსწავლეთა რაოდენობა 2-დან 5%-მდე (21-დან 50-მდე) მერყეობს. 

,,დილის ცვლაში აცდენდა 89 მოსწავლე. დამრიგებლების ზარზე ყველა მათგანის მშობელმა უპასუხა, რომ ბავშვი მოწამლულია. შუადღის ცვლაში გამცდენების რაოდენობა დაემატა და ჯამში გამოვიდა 229. ყველა მოწამლულია თუ არა, ვერც იარღანაშვილი დაადგენს და ვერც მე. მშობლები ასე პასუხობენ დამრიგებლების ზარს."- გვითხრა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით კომბინატის დასახლებაში მოზარდების მოწამვლის მასობრივი ფაქტი დაფიქსირდა. მშობელთა ნაწილი საკვებს, ნაწილი კი, - სასმელ წყალს უკავშირებს. უმრავლესობა მაინც სასმელ წყალს უკავშირებს.

იხ. ამავე თემაზე:

წყალმომარაგების კომპანია გორში წყლის მოწამვლის ფაქტს უარყოფს

დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან

უბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები