ახალი ამბები
გორში ,,იავნანას" კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 5 პაციენტმა მიმართა
გორში, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა კლინიკას, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 5-მა მოქალაქემ მიმართა.  ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბავშვთა საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმება 53-მა პაციენტმა გაიარა.

ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სერიოზული გართულებები არც ერთ მოზარდს აღენიშნება.

"53 პაციენტთაგან ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე, ნაწილი კი, "იავნანა"-ს პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტების დიდი ნაწილი შემოსულია კომბინატის დასახლებიდან, ასევე, არიან მოზარდები ქალაქის სხვა უბნებიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც. ამ დროისთვის, კლინიკის სტაციონარში ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით, 26 პაციენტი რჩება. არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები. ყველა პაციენტის შემთხვევაში მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა", - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

qartli.ge წერდა, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გორში, კომბინატის დასახლებაში მოზარდთა მასობრივი ინტოქსიკაციის ნიშნები გაჩნდა. მოსწავლეებმა სკოლებში სიარული შეწყვიტეს. ინტოქსიკაციის მიზეზით გორის მე-7 საჯარო სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა, ხოლო იმავე უბანში მდებარე მეათე სკოლაში - 28 მოსწავლე.

მოსახლეობის შეფასებით, ბავშვები სასმელი წყლისგან მოიწამლნენ, თუმცა წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აიღო და განაცხადა, რომ სასმელ წყალს მიკროეპიდაფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასმელი წყალი ნორმებს აკმაყოფილებს. წყლის სინჯები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. სურსათის ეროვნულის სააგენტო შედეგებს 7 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები