ახალი ამბები
,,მერიდება, ხალხს რომ ვაწუხებ" - 90-წლის მარტოხელა ქალი ატოცში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, 90-წლის ეთერ ბირთველიშვილი მარტო ცხოვრობს. საკუთარ პენსიას მთლიანად წამლებში ხარჯავს. მეზობლების იმედად ცხოვრობს.

ამბობს, რომ სოციალური დახმარება მისთვის დიდი შეღავათი იყო. ორი წლის წინ მოუხსნეს, ხოლო მიზეზად დიდი სახლის ქონა დაუსახელეს: ,,ნაბიჯებით გადაზომეს სახლი და მითხრეს, დიდი სახლიაო" - გვითხრა იუმორით ქალბატონმა ეთერმა.

მისი ეზო მთლიანად გაყამირებულია. ასაკის გამო, ბაღს ვეღარ უვლის.

" მე თვითონ ბირთველიშვილი ვარ, მაგრამ გოგიჩაშვილებში გავთხოვდი. მარტო ვცხოვრობ შვილო. აქ მარტო ვარ. მეურნეობაში ვმუშაობდი, კოლექტივში ვმუშაობდი. ახლა აღარ ვვარგივარ. ეს ცალი თვალი აღარ მაქვს, მეორე თვალიდანაც ვერ ვხედავ ადამიანს. ვარაუდით დავდივარ. თავი პენსიით გამაქვს. ახლა ნემსებს ვიკეთებ. იანვარში გავიკეთე ერთი ნევსი 250 ლარი გადავიხადე ჩემი პენსიიდან. საჭმელი აღარ უნდა ადამიანს? მშიერი ხომ არ უნდა მოკვდეს? ხან მეზობლები მაწოდებენ საჭმელს. პურს გამოაცხობენ და მომიტანენ ხოლმე. სოციალურს არ მაძლევენ. ქარელიდან ვიღებდი დახმარებას და მომიხსნეს დიდი სახლი გაქვსო მითხრეს. ნაბიჯებით აზომეს გარედან სახლი. 62 წლის აშენებული სახლია და ეხლა დავდგი? ეხლა გავაკეთე, თუ რა? მანამდეც განა რას ვიღებდი 30 ლარს მე მაძლევდნენ 15 ლარს ჩემს შვილიშვილს, რომელიც აქ მყავდა ჩაწერილი, რადგან ატოცის სკოლაში სწავლობდა. ეგეც მომიხსნეს, აღარ მაძლევენ, რა ვიცი, ალბათ, ჰგონიათ რომ გავმდიდრდი." - გვითხრა ეთერ ბირთველიშვილმა.

ხალხის შეწუხება არ უყვარს. თუ ძალიან არ გაუჭირდა, სიკვდილი ურჩევნია, ვიდრე ვინმე შეაწუხოს:

,,ხანდახან ვფიქრობ, რომ სიკვდილი მირჩევნია უკვე, იმდენ ხალხს ვაწუხებ, მერიდება. რაღა არ მაწუხებს. გულის ოპერაცია ერთი მაქვს გაკეთებული, ორჯერ მკლავი მოვიტეხე. მენჯ-ბარძაყის ოპერაციაც კი გამიკეთეს. ეს თვალი ერთი ამოღებული მაქვს და ორ-სამჯერ მეორეზე მაქვს ოპერაცია გაკეთებული. ჯერ კატარაქტა და მერე კიდე რაღაც ჰაერი შეუშვეს, ახლა კიდე მაგ ნემსებს მიკეთებენ თვალში და არაფერი შედეგი მაგან არ მომცა. ასე. რომ ათ მეტრზე ვერ ვხედავ ადამიანს. თუ ასე ახლოს არ მოვიდა."

ქვეყანაში მარტის თვეში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სოფელში მარტოდ დარჩენილი მოხუცი არც მერიის წარმომადგენელს და არც სოციალურ სამსახურს გახსენებია. სამი თვის მანძილზე 90 წლის მოხუცმა დახმარება მხოლოდ წითელი ჯვრის ორგანიზაციისაგან მიიღო.

"ამას წინათ გაზაფხულის პერიოდში იყო მოსული წითელი ჯვარი. მე ვუთხარი ღმერთმა ააშენოს ეს მთავრობა-მეთქი. ხო და გაიცინა იმ ბიჭმა, არა ბაბო ამას მთავრობა კი არა, წითელი ჯვარი გაძლევსო. მოიტანეს ცოტა შაქარი, ფხვნილები, რაღაც რაღაცეები. ღმერთმა ააშენა და ღმერთმა გაახარა. ორი ჩემხნად მოყარონ, ვინც მოხუცებულს პატივსა სცემს და ასე ეხმარება."

Print

სტატიის გამოყენების პირობები