ახალი ამბები
გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს
გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

,,წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება , შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.ასევე, აღნიშნულ ტერიოტრიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.

გარდა ამისა კომპანია ქალაქში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.”- ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსნებთ რომ გასული სამი დღის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 100-ზე მეტი მოზარდი შეიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები