გორში კომბინატის დასახლებაში გავრცელებული იყო ნოროვირუსი - დასკვნა
დღეს ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა გორში ჩაატარეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა:

,,ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, გორში, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა. ასევე, ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი - ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, - აღნიშნა ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა მოზარდმა მიმართა. კლინიკაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება.


იხ. ამავე თემაზე:

რა არის ნოროვირუსული ინფექცია, რომელიც გორში მასობრივად გამოვლინდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები