ახალი ამბები
გორში მერაბ კობიაშვილის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობს
გორში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. გორის სასამართლოსთან დაკავებულის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.

მსაჯულების შერჩევა, რომელიც ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, კვლავაც გრძელდება. დაკავებულის ახლობლები ფიქრობენ, რომ შერჩევის პროცესს პროკურატურა აჭიანურებს.

ცნობილია, რომ ბრალდებულმა საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულებს მიანდო.

ბრალდებულ კობიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება არაერთხელ შეეცადა საქმეში ჩაერთო ნაფიცმსაჯულებად ის პირები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახთან და პროკურორებთან ნათესაურ კავშირში არიან.

,,6 თვის განმავლობაში მხოლოდ 6 მსაჯულის შერჩევა მოხდა, შერჩევის ვადის ამოწურვამდე კი დარჩენილია 1 თვე, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა სასამართლო 14 მსაჯულისგან ვერ დაკომპლექტდეს და ბრალდებულმა კობიაშვილმა კონსტისტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლოს.'' - აცხადებს ბრალდებულის მხარე.

ოჯახი გეგმავს, რომ ფართომაშტაბიანი აქციები დაიწყოს. ხვალ, 13 საათზე ყაზბეგის ცენტრში დიდი აქცია აქვთ დაანონსებული.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 16 თებერვალს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს "რედკო"-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს, რის შედეგად ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილის მხრიდან განზრახ მკვლელობის მცდელობას და სურვილს ადგილი არ ჰქონია, რადგან მერაბ კობიაშვილი თავს რამდენიმე თავდამსხმელისგან იცავდა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ნაფიცი მსაჯულები მერაბ კობიაშვილის საქმეს განიხილავენ, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზეა დაკავებული
Print

სტატიის გამოყენების პირობები